Thumbnail

1. ტრავმები

გოლდენ სტეიტის მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმდენად მარტივია, რომ მას კვლევა არ სჭირდება. კალიფორნიელებმა, ფაქტობრივად, მთელი სერია მათი საუკეთესო მოთამაშის, კევინ დურანტის გარეშე ითამაშეს. იმ ერთ მეოთხედში, როდესაც დურანტი პარკეტზე იყო, გოლდენ სტეიტი აბსოლუტურად განსხვავებული სტილის და კლასის გუნდი იყო - ტორონტოს უპირატესობა აღარც ძალასა და მასაში ჰქონდა, აღარ სიმაღლეში, კანადელების დაცვასაც ერთდროულად სამი სუპერვარსკვლავის დაკეტვა ძალიან უჭირდა.  დურანტთან ერთად ჩატარებული მეოთხედი გოლდენ სტეიტმა 6 ქულით მოიგო.

დურანტთან ერთად გოლდენ სტეიტს განსხვავებული ტიპის მოთამაშე ჰყავდა - მოთამაშე, რომელსაც კარის ან ტომპსონისგან განსხვავებით, სროლის შექმნა არ სჭირდება, მას შეგიძლია უბრალოდ ბურთი მისცე და ის სროლას თვითონ შექმნის.

დურანტის გარდა, კალიფორნიელებმა მესამი თამაშისთვის კლეი ტომპსონი დაკარგეს - კლეის გარეშე სტეფ კარის 47 ქულაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, ტორონტომ 14 ქულით მოიგო. იგივე მოხდა მეექვსე, გადამწყვეტი თამაშის მესამე მეოთხედის ბოლოს. გოლდენ სტეიტი 83-80 იგებდა, თუმცა კლეიმ, რომელსაც სამ მეოთხედში 28 ქულა ჰქონდა, მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ტორონტომ გადამწყვეტი მეოთხედი 28-22 მოიგო.

2. ტორონტოს დაცვა - უპირატესობა სიმაღლესა და მასაში

ტორონტოს გამარჯვება გარკვეულწილად ძველი სტილის კალათბურთის გამარჯვებაა - კალათბურთის, რომელშიც პლეი ოფში დაცვა იგებს და რომელშიც სიმაღლე, მასა და კარგი მცველები გჭირდება. ტორონტოს პარკეტზე ერთდროულად ჰყავდა 216-სანტიმეტრიანი მარკ გასოლი, 2013 წლის NBA-ს საუკეთესო მცველი, 208-სანტიმეტრიანი სერჟ იბაკა, ლიგაში სროლების დაფარების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, 206-სანტიმეტრიანი, ძალიან ათლეტური პასკალ სიაკამი და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კავაი ლეონარდი, რომელიც 201 სანტიმეტრის სიმაღლისაა და ხელებს 221 სანტიმეტრზე შლის (ე.წ. Wingspan). ეს იმას ნიშნავს, რომ ტორონტო ძალიან მასიური და ათლეტური გუნდი იყო. 

ამ გუნდის დაცვამ სამწამიანი დაკეტა ჯერ ჯოელ ემბიიდისთვის, შემდეგ კი იანის ანტეტოკუნმპოსთვის. გოლდენ სტეიტსაც სამწამიანიდან ქულების დაგროვების იმედი არ უნდა ჰქონოდა. კალიფორნიელებს შეტევის ერთადერთ ეფექტიან იარაღად სამქულიანები რჩებოდათ. ტორონტოს დაცვის დამსახურებაა, რომ გოლდენ სტეიტმა ვერცერთ თამაშში 110 ქულაზე მეტი ვერ ჩაყარა.

3. ტემპის დაგდება - ტორონტოს საყვარელი იარაღი

გოლდენ სტეიტმა წლების მანძილზე ე.წ. მსუბუქი ხუთეულით თამაშის სტილი დანერგა. მეტოქის ცენტრები და მძიმე ფორვარდები გოლდენ სტეიტის სწრაფი თამაშის წინააღმდეგ საჭიროები საერთოდ არ იყვნენ და მათ თამაშის დიდი ნაწილის სკამზე გატარება უწევდათ.

ტორონტოსთან პირიქით მოხდა. კანადური გუნდი ლიგაში მეთხუთმეტეა თამაშის ტემპით. გოლდენ სტეიტთან ტორონტომ თამაშის ტემპი კიდევ უფრო დააგდო. მაგალითად, მეხუთე თამაშში ისინი სროლას საშუალოდ თავისი შეტევის მე-20 წამზე (შეგახსენებთ სულ 24 წამი აქვთ) ახორციელებდნენ. შედეგად, ტორონტოს ცენტრები მარკ გასოლი და სერჟ იბაკა კანადელთა მთავარი იარაღი იყვნენ. პირველ მოგებულ თამაშში გასოლი თავისი 20 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მესამე თამაშში ისევ გასოლმა ჩააგდო 17 ქულა, მეოთხე თამაშში კი იბაკას 20 ქულა იყო გადამწყვეტი.

სერიის წინ ანალიტიკოსები წერდნენ, რომ ტორონტოს ცენტრებს გოლდენ სტეიტის სწრაფი თამაშის წინააღმდეგ ბევრი საქმე არ ექნებოდათ და ტორონტოს მსუბუქი ხუთეულით, ცენტრის პოზიციაზე პასკალ სიაკამით თამაში მოუწევდა. პირიქით მოხდა, ტორონტომ (და ტრავმებმა) აიძულა გოლდენ სტეიტი, რომ მისი თამაში ეთამაშა და არ აძლევდა  საშუალებას, რომ მსუბუქ ხუთეულზე გადასულიყო. კალიფორნიელებს პარკეტზე ნომინალური ცენტრი კევონ ლუნი ან დემარკუს კაზინსი მუდამ ჰყავდათ. ლუნისთან ერთად შეტევა ჭირდა, კაზინსთან ერთად კი - დაცვა. 

დურანტთან ერთად გოლდენ სტეიტს შეუძლია, ნელ თამაშშიც ჩაყაროს - ცენტრის სიმაღლე დურანტს არ აქვს პრობლემა, დრო გაიყვანოს და შეტევის ბოლო წამზე შედეგიანად ისროლოს. ამ სიმაღლის და ასეთი გრძელი ხელების მოთამაშეს სტატიკურ შეტევაშიც ვერ დაუფარებ. საერთოდაც, KD მათ თამაშს უფრო ანელებს. ტომპსონს და კარის კი მაღალი ტემპი სჭირდებათ, რათა თავისუფალი სროლები ჰქონდეთ - ისინი სროლებს დურანტივით ვერ ქმნიან და იძულებულები არიან, უბურთოდ ბევრი და სწრაფად იმოძრაონ, გაიხსნან და თავისი სროლები იპოვნონ.

თამაშის ტემპის კონტროლმა ტორონტოს საშუალება მისცა, აერიდებინა გოლდენ სტეიტის ყველაზე სახიფათო იარაღი - მათი მომენტალური გაქცევები. გოლდენ სტეიტის საფირმო ნიშანი 2-3-წუთიანი მონაკვეთების ძალიან სწრაფად და ეფექტურად ჩატარებაა. ამ მონაკვეთებში კალიფორნიელებს ყველაფერს ყრიან პერიმეტრიდან, თამაშობენ აგრესიულ დაცვას და მეტოქეს შეცდომებს აშვებინებენ. ასეთ მონაკვეთებს გოლდენ სტეიტი 10-15 ქულით იგებს ხოლმე, სწორედ ასეთმა მონაკვეთებმა მოაგებინეს მათ სამი მატჩი პორტლენდთან, კონფერენციის ფინალში. ტორონტოსთან პირიქით გამოვიდა - კანადელები ტემპს და მეტოქის გაქცევებს კარგად აკონტროლებდნენ. მთელ სერიაში გოლდენ სტეიტი მხოლოდ ერთხელ, მეორე მატჩის მესამე მეოთხედში გაიქცა 18-0 და ის თამაში მოიგო კიდეც. საერთო ჯამში, გოლდენ სტეიტმა ტორონტოს 24-დან მხოლოდ 5 მეოთხედი მოუგო.

4. დიდი სხვაობა რესურსებში

დურანტის ეპოქაში გოლდენ სტეიტი შეტევაში სამი სუპერვარსკვლავის (კარი, დურანტი, ტომპსონი) გუნდია. კალიფორნიელებს აღარც ძლიერი სკამი ჰყავთ და, ზოგადად, უჭირთ ჩამყრელები. ტორონტოსთან მთელი სერია მხოლოდ კარი და ტომპსონი ყრიდნენ - მათ ერთად თამაშში საშუალოდ 56.5 ქულა ჰქონდათ. სხვა მოთამაშეებიდან თამაშში 10 ქულას მხოლოდ დრეიმონდ გრინი სცილდებოდა (12.5 ქულა თამაშში). ტორონტოს კი ერთდროულად 6 მოთამაშე ჰყავდა, რომელიც საშუალოდ თამაშში 10 ქულაზე მეტრ ყრიდა.

გოლდენ სტეიტის ამ ფორმაციის გუნდში სტეფ კარი ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელსაც სროლის თავის თავისთვის შექმნა შეეძლო. გრინი და იგუდალა საერთოდ ვერ ყრიდნენ (ზუსტი სროლების 28 პროცენტი სამქულიანიდან), სკამზე გოლდენ სტეიტს, ფაქტობრივად, არავინ არ ჰყავდა.

 

შემთხვევითი არ არის, რომ გოლდენ სტეიტის ორივე მოგებულ თამაშში კარგად ითამაშა დემარკუს კაზინსმა - მას ამ თამაშებში საშუალოდ 14 ქულა ჰქონდა, წაგებულ თამაშებში კი - 5 ქულა. როცა კაზინსი ჩაყრას იწყებდა, გოლდენ სტეიტს შეტევაში დამატებითი ოფცია ძალიან ეხმარებოდა.

5. ტორონტო უკეთესი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა

ამ სერიის წინ ტორონტოს სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამდა. წლიდან წლამდე კანადური გუნდი პლეი ოფში არადამაჯერებელია, წელსაც ფინალში გასვლა პირადად კავაი ლეონარდის დამსახურებაა. რომ არა კავაის ეპიკური თამაში, ტორონტო ვერც ფილადელფიას დაამარცხებდა და ვერც მილუოკის. გოლდენ სტეიტს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს და იგუდალა-გრინი-ტომპსონის სამეულის წინააღმდეგ კავაის სერიის მარტო მოგება გაუჭირდებოდა. მოკლედ, დურანტის გარეშეც კი, გოლდენ სტეიტს შანსი ჰქონდა, რომ ეს სერია, შეტევით თუ არა, დაცვით მაინც მოეგო.

ლეონარდმა თამაშში 28.5 ქულით ძალიან კარგი სერია ჩაატარა, თუმცა ეს ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ტორონტოს მეორე თანრიგის ვარსკვლავების კარგი თამაში - იბაკასა და გასოლზე ზემოთ დავწერეთ, მეექვსე თამაშში საუკეთესოები 26-26 ქულით პასკალ სიაკამი და კაილ ლოური იყვნენ, პირველ თამაშში კი სიაკამმა 17-დან 14 ბურთი ჩააგდო და 32 ქულით საუკეთესო იყო, მეექვსე თამაშის გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში ტორონტოს 28 ქულიდან 12 სკამიდან შემოსულმა ფრედ ვანვლიიტმა ჩააგდო. 

ტორონტო თავისი 4-დან სამ მოგებულ შეხვედრაში 110 ქულას ასცდა და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ კავაი ლეონარდმა შეტევაში თანაგუნდელებისგან დახმარება მიიღო. ტორონტოს წარმატება გუნდური კალათბურთის გამარჯვება იყო.

📺 ვიდეო: ტორონტო რეპტორსის დაჯილდოვება

კომენტარები

ბოლო ამბები