Thumbnail

ფიფას რეიტინგი განახლდა - რად დაუჯდა საქართველოს დანიაში განადგურება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ აპრილის შემდეგ, სანაკრებო რეიტინგი პირველად განაახლა
  • საქართველოს ნაკრებმა ივნისის მატჩების შემდეგ ადგილი შეინარჩუნა
  • უეფას ერთა ლიგის მოგებამ პორტუგალია ტოპხუთეულში შეიყვანა

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრების პოზიციაზე, რომელიც აპრილის მონაცემებით 94-ე ადგილზე იყო, ივნისში ჩატარებულ მატჩებს გავლენა არ მოუხდენია. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ივნისში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში ორი მატჩი გამართა - თბილისში გიბრალტარი დაამარცხა (3:0), რის შემდეგაც სტუმრად დანიაში განადგურდა (1:5). 

დანიასთან წაგებამ, რომელიც ფიფას რეიტინგის ტოპათეულშია, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 1 ბალით დააზარალა. ამჟამად საქართველოს 1255 ბალი აქვს, 3 ბალით ჩამორჩება 93-ე ადგილოსან კვიპროსს და 3-ით ჯობნის ყირგიზეთს, რომელიც 95-ე ადგილს იკავებს. 

ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა კოპენჰაგენში ერთი გაიტანა, მაგრამ ხუთი გაუშვა 

რაც შეეხება ევრო 2020-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეების მდგომარეობას ფიფას რეიტინგში, საუკეთესო შედეგი შვეიცარიას აქვს, რომელიც მე-9 ადგილზეა (1605 ბალი). მომდევნო, მე-10 ადგილს უკვე დანია იკავებს (1589). სამი საფეხურით დაქვეითდა და 32-ე პოზიციაზეა ირლანდია (1489), ჩვენი ჯგუფის ბოლოადგილოსანი გიბრალტარი კი 893 ბალით 198-ეა.

ფიფას რეიტინგის სათავეში ბელგია რჩება, მეორეზე კი საფრანგეთია. მესამე პოზიციას ბრაზილია იკავებს, შემდეგ კი ინგლისი, პორტუგალია და ხორვატია მოდიან. აღსანიშნავია, რომ უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალში გამარჯვების ხარჯზე, პორტუგალია ორი პოზიციით, მეშვიდე ადგილიდან მეხუთემდე დაწინაურდა. ფინალისტი ჰოლანდია კი რეიტინგში მე-14 ადგილს იტალიასთან იყოფს.

ახლახან პორტუგალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა მოიგო

უახლოეს მომავალში ფიფას რეიტინგზე გავლენას კოპა ამერიკა მოახდენს, რომელიც ბრაზილიაში 15 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. ბელგია - 1746 ქულა 
2. საფრანგეთი - 1718 
3. ბრაზილია - 1681
4. ინგლისი - 1652
5. პორტუგალია - 1631
6. ხორვატია - 1625
7. ესპანეთი - 1617
8. ურუგვაი - 1615
9. შვეიცარია - 1605 
10. დანია - 1589.

კომენტარები

ბოლო ამბები