Thumbnail
  • ტორონტომ გოლდენ სტეიტს მეექვსე მატჩი მოუგო და NBA-ს ჩემპიონია
  • რეპტორსი გახდა პირველი კანადური გუნდი, რომელმაც ტიტული მოიგო
  • გოლდენ სტეიტს ‘საბოლოო განაჩენი’ კლეი ტომპსონის ტრავმამ გამოუტანა

არსებობის ისტორიაში პირველად: ტორონტო NBA-ს ჩემპიონია! 

რეპტორსი გახდა პირველი კანადური გუნდი, რომელმაც საოცნებო ტიტული მოიგო. ფინალური სერიის დრამატულ მეექვსე მატჩში ტორონტომ გოლდენ სტეიტი სტუმრად 114:110 დაამარცხა და სერია 4:2 მოიგო.

სტეფ კარის (21 ქულა) საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ჰქონდა თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ 3-ქულიანი ვერ ჩააგდო. შესაბამისად, დაიწყო რეპტორსის ისტორიული ზეიმი - ტორონტო გახდა პირველი კანადური გუნდი, რომელმაც NBA მოიგო.

ფინალის MVP კავაი ლეონარდი გახდა, რომელიც ტორონტოში სეზონის წინ, სან ანტონიოდან გადავიდა!

მეექვსე თამაშში კავაიმ 22 ქულა ჩააგდო. მატჩის გმირები კაილ ლოური (26 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა), პასკალ სიაკამი (26/3/10) და სათადარიგო ფრედ ვანვლიტი იყვნენ, რომელმაც თავისი 22 ქულიდან უმეტესობა მეოთხე პერიოდში ჩააგდო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედეგზე დიდი გავლენა იქონია კლეი ტომპსონის ტრავმამ, რომელიც მესამე პერიოდში დაშავდა და ორ საჯარიმოს თუ არ ჩავთვლით, თამაში ვეღარ გააგრძელა. მანამდე კლეი საუკეთესო იყო და საბოლოოდ, მაინც ყველაზე მეტი, 30 ქულა დაუგროვდა - მან ჯამში 32 წუთი ითამაშა.

კევინ დურანტის ტრავმის შემდეგ, ტომპსონის ტრავმამ გოლდენ სტეიტს საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

განსაკუთრებით დრამატული ბოლო ფაზა იყო: საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ანგარიში 101:101 გახლდათ, როდესაც ვანვლიტმა სამიანი ჩააგდო, სერჟ იბაკამ კი ანგარიში 106:101 გახადა, რასაც ლოურის მაგარი ‘ჯამპერი’ მოჰყვა. თუმცა უორიორსი არ ნებდებოდა! გოლდენ სტეიტმა უკანასკნელი შანსი იმ დროს მიიღო, როცა ანგარიში 110:111 იყო - მაგრამ საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე სტეფ კარიმ სამქულიანი ვერ ჩააგდო! სულ ბოლოს კავაი ლეონარდმა საჯარიმოები ზუსტად ესროლა და ტორონტოს ისტორიული ტიტული მოუტანა!

ასე დასრულდა გოლდენ სტეიტის დომინაცია NBA-ში. შეგახსენებთ, რომ უორიორსს ტიტული ზედიზედ ორჯერ ჰქონდა მოგებული, ბოლო 5 სეზონიდან კი 3 ტრიუმფი აქვს. 2016 წელს გოლდენ სტეიტს ფინალი კლივლენდ კავალიერსმა მოუგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები