Thumbnail
  • MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელთა ხელფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგის ისტორიაში რეკორდულად მაღალ ხელფასს იღებს
  • როგორია ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ანაზღაურება წელს სან ხოსეში  

ლოს ანჯელეს გალაქსის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ამ სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მეტიც, შვედი თავდამსხმელი ხელფასის სიდიდით ლიგის ისტორიაში რეკორდსმენია. 

ახლახან, ამერიკულ-კანადური ლიგის (Major League Soccer) მოთამაშეთა ხელფასების შესახებ, 2019 წლის 1-ელი ივნისის მონაცემები ფეხბურთელთა ასოციაციის (MLSPA) საიტმა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წელს 37 წლის შვედი ფორვარდი 7,2 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

MLS-ში ყველაზე მეტს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯოვანი დოს სანტოსი იღებენ

გამოდის, რომ "იბრამ" დაამხო იტალიელი სებასტიან ჯოვინკოს რეკორდი, რომელიც ტორონტოში თამაშის პერიოდში, 2017 და 2018 წლებში, 7,1 მილიონ აშშ დოლარს იღებდა. 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელეს გალაქსიში გასული წლის დასაწყისში გადავიდა და გუნდის მაისურით ამ ორი წელიწადში ჯამში ჩატარებულ 39 მატჩში გატანილი 33 გოლით გამოირჩა. მანამდე შვედი მალმიოში, აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პსჟ-სა და მანჩესტერ იუნაიტეში გამოდიოდა.

წელს სახელფასო სიაში მეორე ადგილზე, გალაქსიში "იბრას" მექსიკელი თანაგუნდელი, 30 წლის ფორვარდი ჯოვანი დოს სანტოსია ($ 6,5 მლნ), ხოლო მესამე პოზიციას ტორონტოს ამერიკელი ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი ($ 6,43 მლნ) იკავებს.

ვაკო თავის სამი წლის გოგონასთან, ემილიასთან ერთად

MLSPA ამერიკაში გადაბარგებულ ქართველ ფეხბურთელების, ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ხელფასების ოდენობის შესახებაც გვამცნობს, რომლებიც სან ხოსე ერზკვეიკსში ერთად გამოდიან.

26 წლის ყაზაიშვილს, რომელიც MLS-ში მესამე სეზონს ატარებს, 2019 წლის სახელფასო გრაფაში $ 1 604 042 უწერია. გაცილებით ნაკლებია კაშიას ანაზღაურება. 32 წლის მცველი, რომელიც სან ხოსეში ვიტესიდან 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, ამჟამად $ 590 000-ს გამოიმუშავებს.

გურამ კაშია MLS-ში მეორე სეზონს ატარებს

MLS-ის მიმდინარე სეზონში ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსეს ღირსება 13 მატჩში დაიცვა და 1 გოლი მიითვალა. გურამ კაშიამ კალიფორნიულ გუნდში წელს მხოლოდ 6 შეხვედრაში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები