Thumbnail

'არსენალის კაპიტნობა ბარსელონას სკამში გაცვალე' - ფაბრეგასის პასუხი კრიტიკოსს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 32 წლის ესპანელმა ტვიტერში ყოფილი კლუბების მაისურების ფოტო გამოაქვეყნა
  • არსენალის ქომაგმა სესკს ლონდონიდან ბარსელონაში გადასვლის გამო უსაყვედურა
  • სესკ ფაბრეგასმა გულშემატკივარს არგუმენტებით უპასუხა  

ახლახან სესკ ფაბრეგასმა ტვიტერზე ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც იმ კლუბების მაისურებია აღბეჭდილი, რომლებშიც კარიერის განმავლობაში უთამაშია. მონაკოს 32 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელსაც თავის დროზე არსენალში, ბარსელონასა და ჩელსიში უთამაშია, გამომწერებს ჰკითხა, მაისურებიდან რომელი იწვევს მათში ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს.

ერთ-ერთმა ცნობილმა კოლუმნისტმა და ბლოგერმა მარკოს ბრეტონმა, რომელიც არსენალის ქომაგია, სესკს დაუკომენტარა:

"ის, რომელსაც არსენალში კაპიტნად ყოფნის დროს ატარებდი. მაგრამ შენ ის ბარსელონაში სათადარიგოთა სკამზე გაცვალე". 

სესკ ფაბრეგასმა კრიტიკოსს პასუხი არ დააგვიანა:

"სასტარტო შემადგენლობაში (იგულისხმა ბარსელონა) 151-იდან 121 მატჩში სასტარტოში ვითამაშე. იქ მოვიგე 6 (!) ტიტული, ორ ფინალში გავიტანე, ჩემმა გუნდმა ჩემპიონობა 100 ქულით მოიპოვა, მე კი 36 მატჩში ვითამაშე. 43 გოლი და 47 საგოლე პასი… საკმარისია, მაგარია".

სესკმა ბარსაში 2011 წელს უეფას სუპერთასი მოიგო

სესკ ფაბრეგასი კატალონიური კლუბის აკადემიიდან ლონდონში 17 წლის ასაკში გადაბარგდა და პროფესიულ კარიერაში დებიუტიც სწორედ არსენალში ჰქონდა, რომლის ღირსებას 2003-2011 წლებში იცავდა.

ესპანელმა ნახევარმცველმა 2008 წელს "მეთოფეთა" კაპიტნის სამკლავური მიიღო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლონდონური კლუბის ისტორიაში, ვისაც ეს პატივი ერგო. ფაბრეგასი არსენალიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნდა, სადაც 2011-14 წლებში ითამაშა, შემდეგ კი ლონდონის ჩელსიში გადაბარგდა. სესკის ბოლო კლუბი მონაკოა, რომლის ღირსებას ამ წლის იანვრიდან იცავს.

სესკ ფაბრეგასს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს (2010) და ევროპის (2008, 2012 წლებში) ჩემპიონატებზე გაუმარჯვია, გუნდის მაისურით ჩატარებულ 110 მატჩში კი 15 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები