Thumbnail

უბედნიერესი ადამიანი პლანეტაზე - ლუკა იოვიჩის პრეზენტაცია რეალში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  •  მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ლუკა იოვიჩის პრეზენტაცია გამართა
  • 21 წლის სერბმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანია

12 ივნისს, მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ახალწვეული ლუკა იოვიჩის პრეზენტაცია გამართა. 21 წლის სერბი ფეხბურთელი "სამეფო კლუბის" გულშემატკივრების წინაშე წარსდგა, ტრიბუნებისკენ რამდენიმე ბურთი გადააგდო და ფოტოგრაფების წინ იპოზიორა.

"ამ წუთას უბედნიერესი ადამიანი ვარ მსოფლიოში, რადგან კონტრაქტი პლანეტის უდიდეს კლუბთან გავაფორმე. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ შევმცდარვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავეხმარო რეალს ტიტულების მოგებაში. მადლობა ყველას", - აქვეყნებს იოვიჩის ნათქვამს რეალის პრესსამსახური.

21 წლის სერბი თავს უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევს, რეალს კი - მსოფლიოს N1 კლუბად

სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანკფურტის აინტრახტის ფეხბურთელის რეალში ტრანსფერის შესახებ ცნობილი 4 ივნისს გახდა. იოვიჩმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კონტრაქტის დეტალების შესახებ კი უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ფასმა 65-70 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში ლუკა იოვიჩმა ბუნდესლიგის 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მითვალა 5 საგოლე პასი. ამასთან, სერბი 10 გოლითა და 1 საგოლე პასით ევროპალიგის 14 შეხვედრაში გამოირჩა, სადაც აინტრახტმა ნახევარფინალამდე გააღწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები