Thumbnail
  • ედენ აზარის პრეზენტაცია მადრიდში ხუთშაბათს გაიმართება
  • რეალი გრანდიოზულ წარდგენას გეგმავს
  • პერესის სურვილია, რომ ბელგიელის პრეზენტაციამ რონალდოს წარდგენა დაჩრდილოს

მადრიდის რეალს ‘სანტიაგო ბერნაბეუზე’ არაერთი დიდი ფეხბურთელი წარუდგენია, თუმცა ყველაზე გრანდიოზული პრეზენტაცია კრიშტიანო რონალდოსი იყო, რომელიც ‘სამეფო კლუბმა’ 2009 წლის ზაფხულში, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადაიბირა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი რეალმა შარშან დაკარგა (CR7 ტურინის იუვენტუსში გადავიდა), თუმცა წინა ზაფხულს მადრიდელებს დიდი ვარსკვლავი არ შეუძენიათ. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დარწმუნდა, რომ ფულის დახარჯვა იყო საჭირო. სწორედ ამის შედეგია რეალის ტრანსფერები, რომელთა შორის ყველაზე ხმაურიანი, რა თქმა უნდა, ედენ აზარის შეძენაა, რომელიც მადრიდში ლონდონის ჩელსიდან გადადის.

რეალს აზარის ტრანსფერი მინიმუმ 100 მილიონი ევრო უჯდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, პერესს სურს, რომ ბელგიელი შემტევის წარდგენა იმაზე გაცილებით გრანდიოზული და პომპეზური იყოს, ვიდრე რონალდოს პრეზენტაცია იყო 10 წლის წინ. ‘მარკა’ წერს, რომ აზარის წარდგენამ რონალდოს მაშინდელი პრეზენტაცია უნდა დაჩრდილოს.

📺 ვიდეო: ასე წარადგინა რეალმა რონალდო 2009 წელს

მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ყველაზე სასურველ ფეხბურთელს მადრიდელები ხუთშაბათს, თბილისის დროით, 21:00 საათზე წარადგენენ. პრეზენტაცია სპეციალურად გვიან სპეციალურად დაიგეგმა, რათა რეალის მაქსიმალურად ბევრმა ფანმა შეძლოს ბელგიელის საყვარელი კლუბის ფორმაში ხილვა.

ედენ აზარს მადრიდში ელოდებიან

რეალმა 28 წლის აზარის სანაცვლოდ ჩელსის დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაუხადა და ეს თანხა, ბონუსებით, შესაძლოა, 140 მილიონამდე გაიზარდოს. ამ ტრანსფერმა მადრიდული გრანდის ქომაგებს, საშინელი სეზონის შემდეგ, ხასიათი უნდა გამოუკეთოს და მომავალი სეზონისთვის იმედიანად განაწყოს.

2009 წელს, კრიშტიანო რონალდოს წარდგენას ‘სანტიაგო ბერნაბეუზე’ 70 000 მაყურებელი დაესწრო. რეალის ხელმძღვანელები ედენ აზარის პრეზენტაციაზე უფრო მეტს ელოდებიან - მათი სურვილია, რომ 81 000 მაყურებელი მივიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე ერთი ადგილიც კი არ უნდა დარჩეს ცარიელი.

პრეზენტაციის დეტალები წინასწარ ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დიდი შოუ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები