Thumbnail

1400 დაღუპული მუშა! როგორ შენდება ყატარში სტადიონები მუნდიალისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყატარში მუნდიალის მასპინძლობისთვის დიდი მსხვერპლის ფასად ემზადებიან
  • სამშენებლო ობიექტებზე ნეპალელი მუშები ლამის ყოველდღიურად იღუპებიან
  • მედია მუშების სახიფათო სამუშაო პირობებსა და არაადამიანურ ყოფაზე იუწყება 

ყატარში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობაზე, სულ ცოტა, 1400 ნეპალელი მუშა დაიღუპა. ამის შესახებ arabnews იუწყება, გერმანულმა ტელეკომპანია WDR-მა კი დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა იმ მუშა-მიგრანტების მძიმე ყოფას, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე საშიშ პირობებში შრომობენ და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. 

ნეპალის შრომის სამინისტროს წარმომადგენელმა ნარაიან რაჰმიმ დოკუმენტურ ფილმზე არაფერი იცის, მაგრამ ყატარში ნეპალელთა დიდი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას სიმართლეს უწოდებს.

"ფაქტია, რომ ამ წლებში ყატარში ბევრი ნეპალელი მუშა დაიღუპა. დოკუმენტური ფილმის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ მსხვერპლი რომ დიდია, სიმართლეა", - ამბობს რაჰმი.

ყოველწლიურად ათასობით ნეპალელი სამუშაოს საძებნელად ქვეყანას ტოვებს 

ნეპალის მთავარობის მონაცემებით, უბედურ შემთხვევებსა და ცუდ საარსებო პირობებს ყოველწლიურად დაახლოებით 110 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. დაღუპულების ოჯახები კი WDR-სთან აცხადებენ, რომ ყატარისგან არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ. 

"ყატარში დასაქმებული საერთაშორისო კომპანიების უმეტესობა უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და შედეგად უამრავი მშენებელი იღუპება. ძალიან ცუდია საარსებო პირობებიც, ხელფასი კი უკიდურესად დაბალი. რამდენიმე წლის წინ, ყატარში ნეპალელი მუშა-მიგრანტების მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე დებატები დაიწყო, ყატარულმა კომპანიებმა მუშების უფლებების დაცვაზე ზრუნვა დაიწყეს. თუმცა, ეს ჯერაც არასაკმარისია", - ამბობს ჟურნალისტი ჯანაკ საპკოტა.

ნეპალელი ადვოკატის და უფლებადამცველის ბარუნ გიმირის თქმით, ყოველწლიურად ნეპალიდან სამუშაოს მაძიებელი 1300 მიგრანტი სპარსეთის ყურეში მიემგზავრება, მათი უმეტესობა კი ყატარში ხვდება. მისივე განცხადებით, ნეპალში ყოველდღიურად ხდება დაღუპული მუშა-მიგრანტის ჩამოსვენება.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში 2022 წელს ყატარში 21 ნოემბრიდან, 18 დეკემბრის ჩათვლით, რვა სტადიონზე გაიმართება, რომელთა აგება ქვეყანამ “ნულიდან” დაიწყო. მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2019 წელს გაიმართება, ფინალურის - 2022 წლის აპრილში. 

კომენტარები

ბოლო ამბები