Thumbnail

რომა დავით ხოჭოლავას მწვრთნელს ჩააბარეს - პაულუ ფონსეკა შახტარიდან წავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 46 წლის პაულუ ფონსეკამ რომასთან ხელშეკრულება ორი წლით გააფორმა
  • დონეცკის შახტარი ისევ პორტუგალიელი მწვრთნელის მიწვევაზე ფიქრობს

რომას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - "ჯალორისის" გაწვრთნა პორტუგალიელ სპეციალისტს, პაულუ ფონსეკას მიანდეს. ამის შესახებ იტალიის დედაქალაქის კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 

46 წლის მწვრთნელთან, რომელიც აქამდე დავით ხოჭოლავასა და დონეცკის შახტართან მუშაობდა, რომაელებმა კონტრაქტი ორი წლით გააფორმეს, მისი 2022 წლის ზაფხულამდე გახანაგრლივების შესაძლებლობით. 

"მოხარული ვარ, რომ ეს თანამდებობა დავიკავე. მადლობა კლუბს, რომ მაძლევს თავის წარმოჩენის შესაძლებლობას. ენთუზიაზმით აღსავსე და მოტივირებული ვარ იმ გამოწვევებით, რომელსაც აქ მივიღებ. მჯერა, რომ რაღაც განსაკუთრებულს შევქმნით", - აცხადებს ფონსეკა.

პაულუ ფონსეკამ დონეცკური კლუბი 2016 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით შახტარმა სამ-სამჯერ უკრაინის ჩემპიონობა და უკრაინის თასი, ასევე უკრაინის სუპერთასი მოიგო. ფონსეკა მანამდე მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში მუშაობდა, მათ შორის: პასუშ დე ფერეირაში, ბრაგასა და პორტუში. 

პორტუგალიელმა სპეციალისტმა რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერი შეცვალა, რომელიც რომაულ კლუბში მარტში, ამ თანამდებობიდან გაშვებული ეუსებიო დი ფრანჩესკოს შემცვლელად, დროებით მივიდა. რომამ 2018/19 წლების სეზონი სერია A-ში მეექვსე ადგილზე დაასრულა.

დავით ხოჭოლავას გუნდს სავარაუდოდ ისევ პორტუგალიელს ჩააბარებენ

თავის მხრივ, შახტარი პაულო ფონსეკას თბილად დაემშვიდობა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკურ გუნდს, დიდი ალბათობით, ისევ პორტუგალიელ სპეციალისტს ჩააბარებენ. საუბარია ლუიშ კაშტრუზე, რომელიც ბოლო დრომდე გიმარაეშს წვრთნიდა. 

მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები