- სანდრო დათიშვილი 80 დღის განმავლობაში იმოგზაურებს
- ამ პერიოდში, 11 ქვეყანას გაივლის და 5 200 კილომეტრს დაფარავს
სანდრო დათიშვილი პროფესიით არქიტექტორია, სპორტი კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 25 წლის მომავალ მოგზაურს ამბიციური და მასშტაბური გეგმა აქვს, რომელიც მოგზაურობას და სპორტის სიყვარულს უკავშირდება: 20 ივნისს, სანდრო თავისი ველოსიპედით ევროტურნეში წავა და 80 დღის განმავლობაში, 11 ქვეყნის გავლით ქალაქ ედინბურგს ესტუმრება, სადაც შოტლანდია-საქართველოს სარაგბო მატჩს დაესწრება.
მიგვიყევი შენი საინტერესო ჩანაფიქრის შესახებ...
დათიშვილი: მოგზაურობის იდეა და მითუმეტეს არაორდინალური გზით, ყოველთვის მქონდა, თუმცა მიზნად მას შემდეგ დავისახე, რაც შოტლანდია-საქართველოს თამაში დაანონსდა. ჩემი სურვილები მაშინვე ჩვენს ნაკრებს დავუკავშირე და მოგზაურობას განსაკუთრებული დატვირთვა მივანიჭე. ვაპირებ 80 დღის განმავლობაში, ევროპის 11 ქვეყნის გავლით, მარტო ჩავიდე შოტლანდიაში და გავამხნევო ჩვენი ბიჭები. ედინბურგში დამატებით თუნდაც ერთი ქართული დროშის ფრიალი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ქართულ სპორტს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა მხარდაჭერის მსგავსი ფორმით გამოხატვა იშვიათია და შესაბამისად, მინდა ამ მოგზაურობით შევქმნა გულშემატკივრობის თანამედროვე პრეცენდენტი. მინდა მოვუწოდო ყველას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, შთავაგონო ყველა ის ადამიანი, ვისაც რაღაც ოცნება აქვს და ვერ ბედავს მის ასრულებას.
როგორი მარშრუტი გაქვს არჩეული და რომელი ქვეყნების გავლით ჩახვალ ედინბურგში?
დათიშვილი: სტარტს ავიღებ სარფის სასაზღვრო პუნქტიდან და და გავივლი შემდეგ ქვეყნებს: თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, ინგლისი და შოტლანდია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა, შესაძლოა დაემატოს ჰოლანდიაც. ამ ყველაფრისთვის 80 დღე მაქვს, ჯამური გასავლელი დისტანცია კი 5 200 კილომეტრამდეა.
აქამდე თუ გქონია მსგავსი გამოცდილება, თუნდაც მცირე მასშტაბით და თუ გაქვს კავშირი ველოსპორტთან?
დათიშვილი: ამ ტურნესთვის მომზადების ფარგლებში, საქართველოში დავდიოდი შორ მანძილებზე, თუმცა ქვეყნის გარეთ ველოსიპედით მოგზაურობის გამოცდილება ჯერ არ მქონია და ჩემთვის დამატებითი ხიბლიც და გამოწვევაც ესაა. კონკრეტულად ველოსპორტთან არანაირი შეხება არ მქონია, თუმცა ველოსიპედი ყოველთვის იდეალურ ტრანსპორტად და მეგობრად მიმაჩნდა. ყველაზე ეკოლოგიურ ტრანსპორტთან ერთად, ის პლუსი აქვს რომ მაქსიმალურად ახლოს ხარ და არ კარგავ კავშირს გარემოსთან.
რატომ აირჩიე შოტლანდია-საქართველოს სარაგბო მატჩი?
დათიშვილი: პირველ რიგში, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებია და ვის უნდა ვუქომაგო თუ არა ამ გუნდს, შოტლანდია კი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მეტოქეა. მგონია რომ დასამახსოვრებელი მატჩი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ბოლო თამაში იქნება და შესაბამისად, განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ეს ის მატჩია, საიდანაც მაქსიმალურად დიდი მუხტი და მხარდაჭერა უნდა გავატანოთ ქართველ მორაგბეებს იაპონიაში.
კომენტარები