- ჯანლუიჯი ბუფონი, შესაძლოა, პორტუში გადავიდეს
- მოლაპარაკებები დაწყებულია, პორტუგალიაში ჯიჯის პასუხს ელიან
ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დამთავრებას არ აპირებს და ეს ყველამ იცის. 41 წლის ჯიჯი, შესაძლოა, პორტუში გადავიდეს, სადაც ესპანელ ლეგენდას, იკერ კასილიასს შეცვლის - ეს ინფორმაცია დღეს ავტორიტეტულმა იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა, ‘გაძეტა დელო სპორტმა’ გაავრცელა.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, პორტუმ ბუფონთან მოლაპარაკებები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 41 წლისაა, ჯიჯი მზადაა, ახალი გამოწვევა მიიღოს და ისეთ კლუბს ეძებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ბუფონს მშობლიური პარმაც ეპატიჟება, თუმცა ჯიჯი უპირატესობას ალბათ პორტუს მიანიჭებს.
როგორც იცით, პორტუს ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილიასმა მაისში გულის ინფარქტი გადაიტანა და იძულებული გახდა, კარიერა დაესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი შარშან იუვენტუსიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. იტალიელს იმედი ჰქონდა, რომ პარიზულ კლუბთან ერთად მაინც მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ პსჟ მერვედფინალში, მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა.
კომენტარები