Thumbnail
  • ტორონტომ ჩემპიონობის პირველი შანსი ვერ გამოიყენა
  • რეპტორსი გოლდენ სტეიტთან მეხუთე მატჩში 105:106 დამარცხდა
  • კევინ დურანტი დაბრუნდა, მაგრამ ისევ დაშავდა

გოლდენ სტეიტმა NBA-ს ფინალური სერიის დრამატული მეხუთე მატჩი მოიგო და ტორონტოს ჩემპიონობა არ დაუშვა! უორიორსმა რეპტორსის დარბაზში 106:105 გაიმარჯვა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ბოლო ორწუთნახევარში 6-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. იმ დროს, როცა ანგარიში 97:103 იყო, კლეი ტომპსონი და სტეფ კარი ‘აფეთქდნენ’ - კლეიმ ორი სამიანი ჩააგდო, სტეფმა კი - ერთი. კაილ ლოურიმ საფინალო სირენამდე კარის დაკარგვით ისარგებლა და სამქულიანით სცადა თამაშის შეტრიალება, მაგრამ ვერ ჩააგდო.

“დღეს საკითხი ასე იდგა: ყველაფერი, ან არაფერი. მეორე ტაიმში იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ საჭირო ბურთები ჩავაგდეთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კარიმ.

უორიორსი თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ მერე კავაი ლეონარდმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და 93:95-ზე ტორონტოსთვის 10 ქულა ჩააგდო, რითაც მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, რეპტორსი პირველი მეოთხედის შემდეგ პირველად გაიყვანა წინ, მერე კი Splash Brothers-ის სამიანების შოუ დაიწყო.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:2 გახდა. ტორონტო ჯერ კიდევ იგებს, მაგრამ გოლდენ სტეიტში ყველა ბედნიერი იყო იმით, რომ რეპტორსმა ჩემპიონობა ვერ გაინაღდა. თუმცა, ეს სიხარული კევინ დურანტის ტრავმამ დაჩრდილა. KD ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ თამაში მეორე მეოთხედში, მორიგი, მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო შეწყვიტა. ჯამში მან 12 წუთი ითამაშა და 11 ქულა ჩააგდო. პირველივე მეოთხედში მას სამი 3-ქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. მეორე პერიოდში, დურანტი მალევე დაშავდა სერჟ იბაკასთან ორთაბრძოლის შემდეგ და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

“სიმართლე გითხრათ, მომხდარის შეფასება არ შემიძლია,” - ამბობდა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი, - “ახლახან გუნდსაც ვუთხარი, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ეს ერთდროულად დაუჯერებელი გამარჯვება და მტკივნეული მარცხია. კევინის ტრავმით შოკირებულები ვართ.”

“კევინისთვის ვლოცულობთ. მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ემოციებით გადაღლილი ვარ,” - ეს სტეფ კარის სიტყვებია.

დურანტის ტრავმის სიმძიმეს MRT-გამოკვლევა დაადგენს. მატჩის შემდეგ, უორიორსის გენერალური მენეჯერი ბობ მაიერსი ცრემლებს ვერ იკავებდა: “მე მაინც იმედი მაქვს, რომ ტრავმა არ არის მძიმე,” - ამბობდა ის. თუმცა, ESPN-ის ინფორმაციით, უორიორსში უკვე ყველა შეეგუა, რომ მომდევნო მატჩში, სერიაში ანგარიშის გათანაბრებისთვის ბრძოლა კევინის გარეშე მოუწევთ.

კევინ დურანტის დრამას მატჩის შემდეგ NBA-ს ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა.

ტორონტოს რამდენიმე ფანმა 30 წლის დურანტის ტრავმა იზეიმა, მაგრამ ტორონტოს კალათბურთელებმა ისინი მალე გააჩუმეს. საბოლოოდ, როდესაც კევინმა პარკეტი დატოვა, დარბაზში მხოლოდ ტაში და KD-შეძახილები ისმოდა.

დურანტმა მატჩის შემდეგ ინსტაგრამის სთორიში ასეთი რამ დაწერა: “ამ მომენტში განადგურებული ვარ, ვერ მოგატყუებთ. მაგრამ როდესაც ვხედავ, როგორ მოიგეს ჩემმა ძმებმა თამაში, ეს ჩემთვის Tequila-Shot-ივითაა.”

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა კარიმ დააგროვა (31), ტომპსონის ანგარიშზე კი 26 ქულა იყო. ტორონტოდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ (26 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი). კარგი მატჩი ჩაატარეს ლოურიმ (18) და მარკ გასოლმაც (17).

მეექვსე მატჩი პარასკევს გამთენიისას, უკვე ოკლენდში, გოლდენ სტეიტის “ორაკლ არენაზე” გაიმართება. ამავდროულად, ეს იქნება დამშვიდობება “ორაკლ არენასთან”, რადგან მომდევნო სეზონიდან უორიორსი სან ფრანცისკოში ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გუნდი ოკლენდში 1971 წლიდან თამაშობს.

ტორონტო რეპტორსს ისტორიულ ტრიუმფამდე ერთი მოგება აშორებს, გოლდენ სტეიტმა კი ორი მატჩი უნდა მოიგოს, რომ ტიტული შეინარჩუნოს. NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო ფინალში 1:3-ის თავის სასარგებლოდ შეტრიალება - ეს იყო კლივლენდ კავალიერსი 2016 წელს, რომელმაც ფინალში სწორედ გოლდენ სტეიტთან დააფიქსირა ისტორიული ‘ქამბექი’ 1:3-ის შემდეგ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მეექვსე მატჩს?

  • გოლდენ სტეიტი
  • ტორონტო

კომენტარები

ბოლო ამბები