Thumbnail

დანიელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ასე ცუდიც არ იყო, ჩვენ ვითამაშეთ კარგად

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დანიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
  • დანიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიის ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:1. ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური მატჩი პირველად წააგო დიდი ანგარიშით, აგე ჰარეიდეს გუნდისთვის კი ეს ჯგუფში პირველი გამარჯვება იყო. 
მატჩის შემდეგ დანიელთა თავკაცი სიხარულს და კმაყოფილებას ვერ მალავდა.

აგე ჰარეიდე (დანიის ნაკრების მწვრთნელი): "კასპერ დოლბერგს ჯერ კიდევ ვარჯიშებზე ეტყობოდა, რომ კარგ ფორმაში იყო, ის ძალზე მონდომებული იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ სასტარტოში ისიც დაგვეყენებინა და რობერტ სკოვიც, ამ ტაქტიკამ გაამართლა. ბოლოს საქმეში დანიელ ვასის ნახვაც გვსურდა. 

კასპერს დღეს ფანტასტიკური მატჩი გამოუვიდა, მე მას ვენდობი, მან დაიმსახურა დღევანდელი დუბლი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიკოლაი იორგენსენსზე უარს ვამბობთ.
დანიის ნაკრებს ბევრი კარგი ფორვარდი ჰყოლია, თუნდაც, ჩემი ასისტენტი იონ დალ ტომასონი, დოლბერგს მათგან ბევრის სწავლა შეუძლია. "ცხრიანებს" დანიაში ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ბოლო დროს ნაკლები გოლი გაჰქონდათ. 

რაც შეეხება თამაშს, ზუსტად იმ სტილში ვითამაშეთ, როგორც ირლანდიასთან, თუმცა მეტი შანსი შევქმენით. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ 5 გოლი გავიტანეთ, საერთაშორისო ფეხბურთში ეს ძნელია. საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდიც არ იყო, უბრალოდ, ჩვენ ვითამაშეთ კარგად. კიდევ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ამითაც ბედნიერები ვართ". 

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები