Thumbnail
  • იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა სეზონი შეაფასა
  • 34 წლის ფეხბურთელმა კლუბსა და ნაკრებში წელს სამი ტიტული მოიპოვა

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გასულ სეზონში თავის გამოსვლას აფასებს და კმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ "ოქროს ბურთის" მიღების შანსებზე საუბარს კი თავს არიდებს. 

34 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ტურინის იუვენტუსთან ერთად 2018/19 წლების სეზონში იტალიის სუპერთასი და სერია A მოიგო, სულ ახლახან კი პორტუგალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო კრიშტიანოსთვის კარიერაში ჯამში 31-ეა.

პორტუგალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდია დაამარცხა - 1:0

"პორტუგალიის ნაკრებს კარგი პერიოდი 2016 წლიდან მოყოლებული აქვს, როდესაც ევრო მოვიგეთ. ამჯერად კი ერთა ლიგის გამარჯვებულები გავხდით. ეროვნულ ნაკრებში თამაშით სიამოვნებას ვიღებ, ამ გუნდში მოგებული ტიტულები კი ძალიან მნიშვნელოვანია. 

სამი ტიტული მოვიგე და როგორც ყოველთვის, კარგად ვითამაშე. ჯერ არ ყოფილა სეზონი, რომ ჩამეგდოს და არც ეს წელიწადი ყოფილა გამონაკლისი. უკანასკნელ 16 წელიწადში ჩემი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მეტი რაღა უნდა გავაკეთო? ვიმსახურებ თუ არა "ოქროს ბურთს"? ეს მე არ ვიცი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია, ვინც აფასებთ ჩემს გამოსვლას", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს AS

კრიშტიანო რონალდომ ბოლო 11 წელიწადში "ოქროს ბურთი" ხუთჯერ მოიგო - 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში. მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ამდენჯერ აქვს მოგებული ბარსელონას ფორვარდ ლიონელ მესისაც - 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში. შარშან პრიზი მადრიდის რეალის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს მიაკუთვნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები