Thumbnail
  • 📅 10 ივნისი | ⌚ 22:45 | ⚽ დანია V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში მეოთხე შეხვედრას გამართავს
  • დანიის ნაკრებმა წელს სამი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება ვერცერთში მოახერხა
  • დანიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც საქართველოს 6 გოლი გაუტანა 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯუფში მეოთხე შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად კოპენჰაგენში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

საქართველოს ნაკრებს განვლილ სამ შეხვედრაში სამი ქულა აქვს (მარცხი შინ შვეიცარიასთან და სტუმრად ირლანდიასთან, მოგება გიბრალტართან) და ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ორ მატჩში ორი ქულა აქვს დანიას, რომელიც მეოთხეა და შესაბამისად, თუკი ვლადიმირ ვაისის გუნდი კოპენჰაგენში ქულის მოპოვებას მაინც მოახერხებს, ცხრილში მესამე პოზიციას შეინარჩუნებს. D ჯგუფის პარალელურ მატჩში ლიდერი ირლანდია (7 ქულა) გიბრალტარს (0) მიიღებს, შვეიცარია (4) კი ისვენებს.

კოპენჰაგენის ტელია პარკენი 38 ათას გულშემატკივარს იტევს

საქართველოს ნაკრები

თბილისში, გიბრალტართან მოგების (3:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში 9 ივნისს, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა და თამაშის მასპინძელ სტადიონზე, "პარკენზე" ივარჯიშა.  ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. დანიაში გუნდს არ გაჰყვნენ  თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე და მცველი საბა კვერკველია. ამ უკანასკნელს მონაწილეობა არც გიბრალტართან თბილისურ მატჩში მიუღია, ემპოლის ფორვარდმა კი ტრავმა მოგვიანებით, ვარჯიშზე მიიღო. 

საბა ლობჟანიძე კოპენჰაგენში, ვარჯიშზე
📸 | POPSPORT.COM

გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გიბრალტართან სადებიუტო მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იმ შეხვედრაში 18 წლის გარემარბის დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, დანიასთანაც ითამაშებს.

ვაისის პრესკონფერენციით თუ ვიმსჯელებთ, კოპენჰაგენში თამაშის შანსი ექნება საბა ლობჟანიძეს, რომელიც ამ ქვეყნის კლუბის, რანდერსის ღირსებას იცავს.

მეტი ამ თემაზე: 

დანიის ნაკრები

კრისტიან ერიკსენს საქართველოს ნაკრებისთვის 2013 წელს აქვს გატანილი

"დანიურ დინამიტს" ევროპირველობაზე გამარჯვება 1992 წელს აქვს მოპოვებული, 1984 წლიდან მოყოლებული კი, მხოლოდ ორი ევრო აქვს გამოტოვებული - 2008 და 2016 წლებში. სკანდინავიელთა ამბიციები ამჯერადაც მაღალია და მათი თავკაცის, ოგე ჰარეიდეს მიზანიც, მინიმუმ, ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა. 

მეტი ამ თემაზე: 'ქართველებს დრო და სივრცე არ უნდა მისცე' - რა თქვა დანიის მწვრთნელმა მატჩის წინ

თუმცა, დანიელებმა ჯერჯერობით ორ მატჩში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხეს. სტუმრად შვეიცარიასთან 0:3-იდან გადარჩენილი შეხვედრის შემდეგ, საკუთარ მოედანზე ირლანდიასთანაც ქულა მოიპოვეს (1:1). ჰარეიდეს შეგირდებმა, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში მხოლოდ  76-ე წუთზე, პიერ-ემილ ჰოიბერგის თავურით გახსნეს, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მაინც გაუშვეს და ახლა, იმავე სტადიონზე, ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებას საქართველოს ნაკრებთან გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებენ, დანიელებს სანერვიულო აქამდე არაფერი ჰქონდათ, საქართველოს ნაკრებთან ქულების დაკარგვის შემთხვევაში კი, საქმეს გაირთულებენ.

დანია ირლანდიასთან ჰოიბერგის  გოლით იგებდა, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში გაუშვა

 საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს და დანიის ნაკრებებს ერთმანეთთან სამჯერ უთამაშიათ. სკანდინავიელებმა ორჯერ მოიგეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა (მივიღეთ 10, გავიტანეთ 4 გოლი).

⚽ საქართველოს და დანიის ნაკრებების შორის ჩატარებულ სამივე მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 

⚽ 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა შინ დანიასთან ფრედ 2:2 ითამაშა, სტუმრად კი ანგარიშით 1:6 დამარცხდა. 

⚽ კიდევ ერთი დაპირისპირება 2013 წელს შედგა - დანიელებმა ამხანაგურ მატჩში შინ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.

⚽ დანიაში 1:6 საქართველოს ნაკრების ანტირეკორდია. ამხელა სხვაობით კი ისტორიაში სულ ორჯერ დავმარცხდით. მანამდე 1996 წელს, სტუმრად რუმინეთთან (0:5).

იცოდი?

საქართველო დანიას მინიმუმ ერთ გოლს ყოველთვის უტანდა. გაიტანს ვაისის გუნდი ამჯერად?

⚽ დანიის ნაკრებს 2019 წელს გამარჯვება არ მოუპოვებია - 3 მატჩი, 3 ფრე. ევროშესარჩევის დაწყებამდე დანიამ სტუმრად კოსოვოსთან ამხანაგურად ითამაშა (2:2).

⚽ ვლადიმირ ვაისს დანიის ნაკრებთან არცთუ სასიამოვნო მოგონება აქვს. 2012 წელს, სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობისას ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა.

⚽ დანიის ნაკრები საქართველოსთან თამაშს 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. საკუთარ მოედანზე კი ეს სერია 14 შეხვედრას შეადგენს.

⚽ საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა სტუმრად ჩატარებული ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ 3-ში მოიგო. 

საქართველოს ნაკრებმა კოპენჰაგენში ივარჯიშა
📸 | POPSPORT.COM

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე - კვეკვესკირი, კანკავა - მერებაშვილი, გვილია, ლობჟანიძე - არველაძე. 

კომენტარები

ბოლო ამბები