Thumbnail

E3 2019 - Microsoft ახალ Xbox-ს, სტრიმინგ პლატფორმას და 60 თამაშს გვთავაზობს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Microsoft ახალ სტრიმინგ პლატფორმას ქმნის
  • Cyberpunk 2077-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია
  • ახალი Xbox წინა ვერსიაზე ოთხჯერ ძლიერი იქნება

E3 2019 (Electronic Entertainment Expo 2019) ლოს ანჯელესის კონვენციების ცენტრში 11 ივნისს დაიწყება და 13 ივნისს დასრულება. ღონისძიება დეველოპერებს და ფაბლიშერებს იმის საშუალებას აძლევს, რომ დამსწრეებს სამომავლო გეგმები ერთ სივრცეში გაუზიარონ. E3-ს დაწყებამდე ბევრმა კომპანიამ წინასწარი პრესკონფერენცია გამართა, თუმცა მათ რიცხვში არ შედის Sony, რომელმაც პირველად ისტორიაში გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე არ წარდგება.

რა თქმა უნდა, ვიდეო თამაშების მოყვარულებს ამ ფაქტმა გული დასწყვიტა, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინასწარი პრესკონფერენციების შემდეგ, უკმაყოფილო არავინ დარჩებოდა. ყველაზე შთამბეჭდავი პრეზენტაცია Microsoft-ს ჰქონდა, შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა წარუდგინეს მათ Xbox-ის მომხმარებლებს.

Xbox

პრეზენტაცია მრავლისმომცველი იყო, შესაბამისად ჩვენ იმ ძირითად სიახლეებზე გავაკეთებთ აქცენტს, რომლებიც გეიმერებს განსაკუთრებით დააინტერესებს. კომპანიამ დაახლოებით 60 თამაში დაანონსა და ამასთან ერთად წარადგინა სტრიმინგ პლატფორმა Project Cloud X. Microsoft-მა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გარკვეული დეტალები ახალ Xbox Scarlett system-ზეც.

Project xCloud, Xbox Scarlett და Halo Infinite

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრესკონფერენციაზე მოხდა Xbox Scarlett-ის და Project xCloud-ის წარდგენა იყო. ფაქტია, რომ Microsoft მომავალში აქცენტის გაკეთებას სტრიმინგზე გეგმავს და xCloud-ის გაშვებას ოქტომბრიდან აპირებს. რაც შეეხება ახალ Xbox-ს, ის მის წინა ვერსიაზე ოთხჯერ ძლიერია. Scarlett-ის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ გეიმერებს მისი შეძენა 2020 წლის დასაწყისში შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ რატომღაც ამ სიახლეებმა საკმარისად ვერ დაგაინტრიგათ, გეტყვით, რომ Xbox Scarlett-თან ერთად Halo Infinite-ც გამოვა.

Elden Ring

გაინტერესებთ რაზე მუშაობს ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი? ფიქრობთ, რომ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პრიქველზე ან სიქველზე? ცდებით. დეველოპერმა From Software-მა მწერალთან კოლაბორაცია გადაწყვიტა და ამის შედეგი Elden Ring-ია. იცით, რომ From Software-ს ყველაზე ცნობილი თამაში Dark Souls-ია და არ არის გასაკვირი, რომ მისი გავლენა Elden Ring-საც ეტყობა. თამაშის შესახებ მისი თრეილერიდან ბევრი ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ სამაგიეროდ ვიცით, რომ პერსონაჟს ვრცელი და ღია სამყაროს შესწავლა შეეძლება. 

Bleeding Edge

დეველოპერი Ninja Theory, რომელიც Xbox Game Studio-მ 2018 წლის ივნისში შეიძინა, ახალ თამაშს - Bleeding Edge-ს აანონსებს. წინასწარი ინფორმაცია გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თამაში Ubisoft-ის For Honor-ს ძალიან ჰგავს. Bleeding Edge-ში აქცენტი ახლო მანძილზე ორთაბრძოლებზე გაკეთდება და დაპირისპირებულ გუნდებში 4-4 მოთამაშე იქნება. სასიამოვნოა, რომ თამაშის ორთაბრძოლების ელემენტზე Devil May Cry-ს ორთაბრძოლების შემქმნელი - რაჰნი ტაკერი მუშაობს. Bleeding Edge-ს ტექნიკური ალფა 27 ივნისს დაიწყება და რეგისტრაცია უკვე ღიაა.

Battletoads

Microsoft-ის E3 2019-ის სცენაზე Battletoads-იც გამოჩნდა. მისი წინა ვერსიის მსგავსად, თამაში ამჯერადაც ორგანზომილებიანი, მაგრამ გრაფიკულად მეტად დახვეწილია. თამაში Xbox Game Pass-ის ნაწილი იქნება, მაგრამ გამოქვეყნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Cyberpunk 2077

სამაგიეროდ ცნობილია CD Project Red-ის შუთერის, Cyperpunk 2077-ის გამოქვეყნების თარიღი. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თამაში, რომელზეც The Witcher-ის შემქმნელებმა იმუშავეს კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე ხელმისაწვდომი 2020 წლის 16 აპრილს იქნება.

ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც იმ ფაქტს მოჰყვა, რომ თამაშის თრეილერში (და შემდეგ სცენაზეც) კიანუ რივზი გამოჩნდა, რომელიც 'ლეგენდარულ როკერბოის' - ჯონი სილვერჰენდს თამაშობს. ამ ეტაპზე არ ვიცით, თუ რა როლი ექნება მას თამაშის ისტორიაში. Cyberpunk 2077-ის წინასწარი შესყიდვა უკვე შესაძლებელია - შემგროვებლის ვერსიას (Collectors Edition) ყუთი, მთავარი პერსონაჟის 25 სანტიმეტრიანი ქანდაკება, არტბუკი და ბევრი სხვა სიკეთე მოყვება.

Double Fine Xbox Game Studios ნაწილი გახდა

პრეზენტაციაზე გავიგეთ ისიც, რომ დეველოპერი Double Fine Production-ს Xbox Game Studio-მ შეიძინა. როგორც კი აღნიშნული განცხადება გაკეთდა, კომპანიის პრეზიდენტი ტიმ სჩაფერი სცენაზე ახტა და Psychonauts 2-ის თრეილერი გვანახა.

კომენტარები

ბოლო ამბები