Thumbnail

'დანიის წინააღმდეგ ჭკვიანი უნდა იყო და არა თავხედი' - რა თქვა ვაისმა მატჩის წინ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

10 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს. შეხვედრა კოპენჰაგენში გაიმართება. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა…

რას ელოდებით დანიის ნაკრებისგან საქართველოსთან შეხვედრაში?

ვაისი: ველოდებით რთულ თამაშს, რადგან დანიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. თუმცა, დანიამ ცუდად დაიწყო შესარჩევი ეტაპი, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, დანია ირლანდიაზე უკეთესი გუნდი იყო ბოლო შეხვედრაში. დანიის ნაკრებში უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობენ და ამიტომ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, დისციპლინა უნდა დავიცვათ და მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენოთ.  

შეგიძლიათ დაგვისახელოთ საქართველოს ნაკრების სუსტი მხარეები?

ვაისი: არაკორექტული შეკითხვაა და არ ვუპასუხებ.

დანიის ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ საქართველო ხშირად თამაშობს დაცვით ფეხბურთს. ეს სიმართლეა?

ვაისი: არ ვიცი როგორ ფეხბურთს მიანიჭებდა უპირატესობას დანიის ნაკრების მწვრთნელი ჩემს ადგილზე რომ იყოს და როგორ ფეხბურთს ვათამაშებდი გუნდს, მის ადგილას რომ ვიყო. ასე რომ, ეს რთული კითხვაა. არ ვიცი, რომელი თამაშები ნახა, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ ერთა ლიგა, სადაც შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ. ფავორიტებთან შეხვედრებში რთულია შეტევაზე თამაში. ირლანდიის ნაკრებიც 70% დაცვაში იდგა დანიასთან განვლილ შეხვედრაში. 

ხშირად ისე ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს გასვლით მატჩებში თავდაჯერებულობა და სპორტული თავხედობა აკლია. ვიხილავთ თუ არა თავდაჯერებულ საქართველოს ნაკრებს დანიასთან შეხვედრაში?

საქართველოს ნაკრებმა კოპენჰაგენში ივარჯიშა
📸 | POPSPORT.COM

ვაისი: მე მიყვარს ჩემი ფეხბურთელები, მაგრამ ამავე დროს, ვაფასებ მეტოქე გუნდის მაღალ დონეს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავხედები ანდორასთან, მაგრამ იგივე განწყობით შეიძლება 0:5 წავაგოთ ძლიერ მეტოქესთან. დანიასთან თავხედი კი არა, ჭკვიანი უნდა იყო. ეს ნიშნავს: კარგად დაიცვა თავი და იყო სახიფათო შეტევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა შემტევი ფეხბურთის თამაში, მაგრამ უნდა შევაფასოთ არსებული რეალობა. გასული სეზონის შემდეგ, 8 ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული. არ უნდა გვეშინოდეს მეტოქის, მაგრამ უნდა ვითამაშოთ ძალიან ჭკვიანურად. როდესაც მეტოქეზე მაღალი კლასი გაქვს, მაშინ შეგიძლია იყო თავხედი.

გიორგი ხარაიშვილი და საბა ლობჟანიძე კარგად იცნობენ სკანდინავიურ ფეხბურთს. ვიხილავთ მათ მოედანზე?

ვაისი: კარგია რომ ზარანდიასა და არაბიძეზე არ მეკითხებით. საბა ლობჟანიძე დანიის ჩემპიონატს იცნობს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვითონ დანიელები უცხოეთში თამაშობენ ძლიერ გუნდებში. საბა არის ფეხბურთელი, რომლის ძირითად შემადგელობაში დაყენებას ვფიქრობ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. იგივე შემიძლია ვთქვა ხარაიშვილზეც.

საბა ლობჟანიძე კოპენჰაგენში, ვარჯიშზე
📸 | POPSPORT.COM

ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტართან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და თუ შეძლებს დანიის წინააღმდეგ თამაშს?

ვაისი: ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა და ხვიჩა ემზადება ნაკრებთან ერთად. კიდევ დავაკვირდები ვარჯიშზე და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები