Thumbnail
  • საფრანგეთის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა
  • ესპანელმა ფინალში დომინიკ ტიმი 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა
  • ‘თიხნარის მეფისთვის’ ეს საფრანგეთში მე-12 ტრიუმფია
  • საერთო ჯამში რაფას უკვე 18 დიდი სლემი აქვს მოგებული

როლან გაროსის და თიხნარის მეფე ის აქამდეც იყო, ახლა კი, რაფაელ ნადალმა კიდევ ერთ განუმეორებელ ნიშნულს მიაღწია. ესპანელმა საფრანგეთის ღია პირველობაზე მე-12 ფინალი ითამაშა და ტიტული მეთორმეტედ მოიგო, რაც რეკორდია!

აქამდე, რაფა რეკორდს ავსტრალიელ მარგარეტ კორტთან ერთად იყოფდა, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა 11-ჯერ აქვს მოგებული.

33 წლის რაფას 25 წლის ავსტრიელ დომინიკ ტიმთან მხოლოდ მეორე სეტში გაუჭირდა, რომელიც 5:7 წააგო. მესამე სეტიდან კი, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, მეოთხე ჩოგანს შანსი აღარ დაუტოვა და საბოლოოდ, სამ საათში, 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა.

ნადალს როლან გაროსზე ახლა 93 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ ორი წაგებული. 2005 წლის შემდეგ მან მხოლოდ სამჯერ ვერ შეძლო საფრანგეთის ღია პირველობის მოგება: 

🎾 2009 წელს რაფა მერვედფინალში, შვედ რობინ სიოდერლინგთან დამარცხდა, ტიტულს კი როჯერ ფედერერი დაეუფლა

🎾 2015 წელს ნადალი მეოთხედფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა და ტიტული სტენ ვავრინკამ მოიგო.

🎾 2016 წელს, რაფამ მესამე წრეში, ტრავმის გამო ვერ ითამაშა და იმ წელს როლან გაროსის გამარჯვებული ჯოკოვიჩი გახდა.

რაფა ნადალისთვის ეს მე-18 მოგებული დიდი სლემია, რითაც ესპანელი რეკორდსმენ ფედერერს (20) კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლეგენდარულ შვეიცარიელს მან ნახევარფინალში მოუგო. ნადალს ფინალში ერთი უპირატესობაც ჰქონდა: ფედერერი მან პარასკევს, 2 საათსა და 25 წუთში დაამარცხა, დომინიკ ტიმმა კი შაბათს, ჯოკოვიჩთან 4-საათიანი ბრძოლა გადაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები