Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკა U20 48:20 საქართველო U20
  • 'უმცროსმა ბორჯღალოსნებმა' სამხრეთ აფრიკასთან მესამედ წააგეს

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ქალაქ როსარიოში, სამხრეთ აფრიკასთან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი Racecourse Stadium-ზე გამართა და 20:48 წააგო. ილია მაისურაძის გუნდმა სამხრეთ აფრიკას 3 ლელო დაუდო. თავი ორჯერ ოთარ ლაშხმა და ერთხელ თემურ ჭიჭინაძემ გამოიჩინეს.

მატჩის მე-6 წუთზე თედო აბჟანდაძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ქართველმა მორაგბემ ჯარიმა ვერ გაიტანა. სამხრეთ აფრიკა მე-9 წუთზე დაწინაურდა. რიჩარდსონმა ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვა ჰენდრიკსმა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მე-20 წუთისთვის სამხრეთაფრიკელებს რვა ჯარიმა დაუგროვდათ. ერთ-ერთი შერკინების შემდეგ, შეტევის მიმართულება შეიცვალა და ოთარ ლაშხმა 25-ე  წუთზე ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ აბჟანდაძემ გადასახვა ვერ შეძლო და ანგარიშში სხვაობა 2 ქულა დარჩა - 7:5.

2 წუთში უბურთოდ მყოფი იოანე იაშაღაშვილი აისააკსმა მინდვრიდან გადაიყვანა, რის გამოც შოტლანდიელმა მსაჯმა სამხრეთაფრიკელს ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი 10 წუთით დაატოვებინა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო და ტაიმის დასრულებამდე ორი ლელო გაუშვა.

35-ე წუთზე ნტალაბაკანიემ საქართველოს მეორე ლელო გაუტანა, რომელიც ჰენდრიკსმა გარდასახა და სამხრეთ აფრიკას 9-ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 14:5.

'ჯუნიორ ბოკემ' ტაიმის ბოლო წუთზე მესამე ლელოც გაიტანა. მბატამ ლელოთი გამოიჩინა თავი და ჰენდრიკსმა კვლავ უშეცდომოდ გარდასახა. სამხრეთ აფრიკამ პირველი ტაიმი 21:5 მოიგო.

მეორე ტაიმი საქართველომ აქტიურად დაიწყო და 42-ე წუთზე თედო აბჟანდაძის ჯარიმით ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე შემცირდა - 21:8.

სამხრეთ აფრიკამ მე-4 ლელო მეორე ტაიმის მე-7 წუთზე გაიტანა. პრეტორიუსის შეჩერება ვერავინ მოახერხა. ამჯერად გარდასახვა ნოამბამ შეასრულა, რომელმაც გატანა ვერ შეძლო - 26:8.

5 წუთში სამხრეთაფრიკელთა მე-5 ნომერი ვან ჰეერდენი გაასინბინეს და ბოკე ისევ კაცნაკლული დარჩა.

საქართველომ უპირატესობა გამოიყენა და ოთარ ლაშხმა დუბლი შეასრულა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ისევ ვერ გაიტანა - 26:13.

ოთარ ლაშხის დუბლი სამხრეთ აფრიკასთან

სამხრეთაფრიკელთა მე-5 ლელო აბრაჰამსის ანგარიშზეა. ნოამბამ ზედიზედ მეორე გარდასახვა გააფუჭა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულა დარჩა - 31:13.

რიჩარდსონმა, ლაშხის მსგავსად, დუბლი შეასრულა და 63-ე წუთზე სამხრეთაფრიკელთა მე-6 ლელო დადო. ნოამბამ კი მესამე ცდიდან პირველი გარდასახვა გაიტანა - 38:13.

სამხრეთ აფრიკას მე-7 ლელოს დადების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე აუტში გადაიყვანეს და თავი ლელოსგან დაიცვეს.

'ჯუნიორ ბოკემ' დარჩენილ დროში კიდევ 2 ლელო დადო. კოცერმა და დავიდსმა სამხრეთაფრიკელთა ლელოების რაოდენობა 8-მდე გაზარდეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ჭიჭინაძემ საქართველოს მესამე და შეხვედრის ბოლო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს 48:20 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე 'უმცროს ბორჯღალოსნებთან' სამიდან სამი გამარჯვება დაუგროვდა.

ჭიჭინაძემ მატჩის ბოლო ლელო დადო

საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 12 ივნისს გამართავს. ილია მაისურაძის გუნდის ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. შოტლანდია ახალ ზელანდიას შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ძირითადი შემადგენლობა: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია; 8. ბექა ყორიაული, 7. კობა კოლოტაური, 6. იოსებ გუშარაშვილი, 5. იოანე იაშაღაშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 3. გია ხარაიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 1. ლუკა აზარიაშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები