Thumbnail
  • ლონდონელები იტალიელ მწვრთნელს სამშობლოში დაბრუნებაში ხელს არ შეუშლიან
  • სავარაუდოდ, 60 წლის სპეციალისტი ტურინულ გუნდს მომავალ კვირაში ჩაიბარებს
  • ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 6 კანდიდატურა განიხილება

ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონის ჩელსი მზადაა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ტურინის იუვენტუსში გაუშვას და სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაში, 60 წლის იტალიელი სპეციალისტი "ბებერ ქალბატონს" ჩაიბარებს, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ირკვევა, სარიმ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას იტალიაში დაბრუნების სურვილის შესახებ თავად აცნობა. ჩელსი თანამდებობიდან სპეციალისტის გათავისუფლებას არ აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, მას ხელი არ შეუშალოს. 

იტალიელმა სპეციალისტმა ჩელსის ერთი და მნიშვნელოვანი ტიტული მაინც მოაგებინა

ჯერჯერობით უცნობია, მაინც მოითხოვს თუ არა ჩელსი იუვენტუსისგან პირგასამტეხლო თანხას, რომელიც სარის კონტრაქტში წერია და 6 მილიონ ევროს შეადგენს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, იუვენტუსი ამ თანხის გადახდას არ აპირებს, სარის აგენტმა ფალი რამადანიმ კი ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე უკვე ითათბირა და კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

მედია ლონდონის ჩელსიში მაურიციო სარის სავარაუდო შემცვლელებზეც წერს. არსებული ინფორმაციით, სარის თანამდებობაზე ერთბაშად ექვსი კანდიდატი განიხილება: მასიმილიანო ალეგრი, ლორან ბლანი, ნუნუ ესპირიტუ სანტუ, ხავი გრასია, ფრენკ ლემპარდი და სტივ ჰოლანდი.

შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ სარიმ და ალეგრიმ თანამდებობები გაცვალონ

მაურიციო სარიმ ლონდონის ჩელსი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და ამ თანამდებობაზე თანამემამულე ანტონიო კონტე შეცვალა. სარიმ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ჩელსისთან ერთად პრემიერლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგის თასის ფინალში გააღწია, სადაც პენალტების სერიაში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა. იტალიელი უტიტულოდ მაინც არ დარჩა და ლონდონელებს ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი - ევროპალიგა მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები