Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა ევროპულ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
  • საქართველოს ნარკების 27 წლის ფეხბურთელი რუსეთის დატოვებას არ გამორიცხავს
  • საბამ კლუბსა და ნაკრებში მის თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა 

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა საბა კვერკველიამ Sport24-თან საუბრისას რუსეთიდან ევროპულ კლუბში მისი ტრანსფერის შესაძლებობაზე ილაპარაკა. 

27 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ლოკომოტივის ღირსებას 2016 წლის ზამთრიდან იცავს და ამ გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის თასის ორგზის მფლობელი გახდა, მოსკოველებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

"კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არავისთან არაფერი მილაპარაკია, წინ კიდევ ორი წელიწადია და დრო ამისთვის ჯერ საკმარისადაა. 

ლოკომოტივში 2,5 წელიწადია, რაც ვარ და ყველაფერი მოვიგე. თუკი კარგი წინადადება მექნება ევროპიდან, რატომაც არ ვიფიქრებ წასვლაზე? ტიტულის მოგებას სხვა ქვეყანაშიც შევეცდები. გახდე ჩემპიონი, მოიპოვო თასი და დაასრულო - ეს ჩემთვის მისაღები არაა და მინდა, გავაგრძელო გამარჯვებები! ტიტული რაც მეტი იქნება, მით უკეთესი.

გასულ სეზონში ორი-სამი ვარიანტი მქონდა ინგლისიდან, გერმანიიდან. მათგან ერთ-ერთი ლესტერი იყო. რატომ არ წავედი? ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგაში უნდა გამოსულიყო, გუნდი გააძლიერეს. ვიფიქრე და გავაწყვიტე, რომ დარჩენა აჯობებდა.

იდეალურ შემთხვევაში, ევროპის ტოპ-ხუთი ლიგასა და მინიმუმ, ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდში თამაშს ვისურვებდი. რა თქმა უნდა, ასეთ გუნდში მოხვედრა ძნელია, მაგრამ თუ გამოჩნდება ისეთი ვარიანტები, რომელიც კლუბისთვისაც საინტერესო იქნება და ჩემთვისაც, ვიფიქრებ. ეს კარგი ნაბიჯი იქნება კარიერაში. განვიხილავ ნებისმიერ წინადადებას ნორმალური გუნდიდან. ან ჩელსი, ან არაფერი! - ასეთი მიდგომა ნამდვილად არ მაქვს", - ამბობს საბა. 

მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი ლეგიონერები ვარჯიშზე

მოსკოვის ლოკომოტივს გასულ ზამთარს 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია იჯარით შეუერთდა, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ახალგზარდა ნახევარმცველს განსაკუთრებით რკინიგზელთა მთავარი მწვრთნელი იური სიომინი აქებდა, თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, გააგრძელებს თუ არა ის კარიერას ლოკომოტივში. 

ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი აზრს საბა კვერკველიაც გამოთქვამს:

"დიახ, ის საქართველოში მართლაც არის თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და დიდი მომავალი აქვს. ხვიჩას ყველა თვისება და მონაცემი აქვს საამისოდ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას. 

მინდა, რომ ის ლოკომოტივში დარჩეს, თუმცა არასწორი იქნება, მე, ფეხბურთელმა, ამის თაობაზე ვინმესთან რეკომენდაცია გავუწიო. მას ეს არც სჭირდება - ყველამ ნახა, როგორ თამაშობს. მას ჰყავს მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, დაილაპარაკებენ და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამბობს საბა კვარაცხელიაზე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 8 ივნისს, გიბრალტართან მატჩში ჰქონდა

კომენტარები

ბოლო ამბები