Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 92:105 ტორონტო რეპტორსი 
  • კანადურ გუნდს ჩემპიონობამდე ეს მოგებაღა აშორებს - 3:1
  • ფრედ ვანვლიტს ორაკლ არენაზე კბილი ჩაუმტვრიეს
  • სტეფ კარი სერიის ბედის შემობრუნების იმედს არ კარგავს 

სენსაციამდე ბევრი აღარ დარჩა. ტორონტო რეპტორსმა NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაშიც მოახერხა გოლდენ სტეიტის დამარცხება და ისტორიული ჩემპიონობის მოსაპოვებლად, ახლა მომდევნო მატჩში, საკუთარ მოედანზე მოგებაღა სჭირდება. 

ტორონტო რომ ისტორიას წერს, ეს უპირველესად კავაი ლეონარდის დამსახურებაა, რომელმაც "ორაკლ არენაზე" 36 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და ფინალურ სერიაში პირადი რეკორდი დაამყარა. კანადური გუნდის გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ 10 ქულით, 7 პასით, 3 ჩაჭრითა და 2 მოხსნით დაასრულა თამაში.

📺 ვიდეო: კავაი ლეონარდი მეოთხე მატჩში

ოკლენდში გამარჯვება ღია ჭრილობად და კბილის დაკარგად დაუჯდა სტუმართა გამთამაშებელ ფრედ ვანვლიტს. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, გოლდენ სტეიტის მცველმა შონ ლივინგსონმაა, მისდა უნებურად, ვანვლიტს სახეში, მარჯვენა თვალთან იდაყვი ჩაარტყა. ამ უკანასკნელმა მოედანი დასისხლიანებულმა დატოვა. ტორონტოს კალათბურთელს გასახდელში შვიდი ნაკერი დაადეს. ფრედი ტვინის შერყევას გადარჩა, მაგრამ კბილი კი დაკარგა. სხვათა შორის, იმ ეპიზოდში მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

📺 ვიდეო: ფრედ ვანვლიტის ტრავმა

ამ თამაშში მასპინძლებს, რომლებსაც კარგა ხანია, კევინ დურანტი ვერ ეხმარება, კლეი ტომპსონი დაუბრუნდა. გოლდენ სტეიტის ერთ-ერთი ლიდერი თავის გუნდში საუკეთესო ნამდვილად იყო - 28 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი, მაგრამ ვერც ტომპსონისა და ვერც სტეფ კარის ძალისხმევამ, რომელმაც 27 ქულას 4 მოხსნა და 6 პასი დაუმატა, ოკლენდელები მარცხისგან ვერ იხსნა.

რეპტორსისა და უორიორსის მეხუთე დაპირისპირება უკვე ტორონტოში ჩატარდება - 11 ივნისს. გამარჯვების შემთხვევაში, ტორონტო რაპტორსი ისტორიაში პირველი კანადური გუნდი გახდება, რომელიც NBA-ს ჩემპიონობას იზეიმებს.

კანადელი გულშემატკივრები NBA-ში მათი კლუბის პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან

ბუნებრივად იბადება კითხვები: საკუთარ მოედანზე წაგებული ზედიზედ ორი თამაშის შემდეგ, ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს სტუმრად ტორონტოში რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს? შესაძლებელია თუ არა 1-3-ის შემდეგ სერიის ბედის შემობრუნება? 2016 წლის ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტი თავად იგებდა ასეთი ანგარიშით, მაგრამ საბოლოოდ კლივლენდთან წააგო. სტეფ კარი იმედს არ კარგავს:

"ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ახლა არცთუ კარგ ხასიათზე ვართ, მაგრამ წარსულში ჩვენმა გუნდმა სერიაში ასეთი ანგარიშის შემდეგ ერთხელ უკვე შეძლო ბედის შემობრუნება, მეორედ კი ამის შესაძლებლობა მეტოქეს მისცა. დიახ, შეგვიძლია ყველაფერი თავდაყირა დავაყენოთ, მაგრამ მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სერიის გადარჩენის ერთადერთი გზა, მეხუთე მატჩში, 48 წუთის განმავლობაში, მოედანზე ყველაფრის დადებაა. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ეს შეგვიძლია". 

📺 ვიდეო: სერიის მეოთხე მატჩის TOP5 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები