Thumbnail

PREVIEW | უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას მესამედ ხვდებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავენ 
  • მეორე ტურში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრებია
  • საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ამ ტურნირში მესამედ ხვდებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას შეხვდება. ახალ ზელანდიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ეცდებიან, რომ პირველი ქულებისთვის სამხრეთ აფრიკასთან იბრძოლონ.

შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17:30-საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს RUGBY TV შემოგთავაზებთ.

ქართველებს ზელანდიელ თანატოლებთან ცუდად არ უთამაშიათ. 50-ე წუთისთვის სხვაობა მხოლოდ 6 ქულა იყო, თუმცა ბოლო 20 წუთში ზელანდიამ 3 ლელო დადო. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მიზანი სამხრეთ აფრიკასთან თამაშში ბურთის დიდხანს ფლობა და დაცვაში წნეხის გაძლიერება იქნება. ილია მაისურაძის გუნდი ეცდება, რომ ის შეცდომები აღარ დაუშვას, რაც ახალ ზელანდიასთან მატჩის ბოლო წუთებში გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

U20 | საქართველო - ახ. ზელანდია

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო მომენტები ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 🔥 🇬🇪 საქართველო v სამხ. აფრიკა 🇿🇦 | 8/06, 🕠 17:30 ⚠️ შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 21 საათზე დასახელდება ! ჩვენი ნაკრების შემდეგი მატჩების განრიგი: 🇬🇪 საქართველო v შოტლანდია 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 | 12/06, 🕠 17:30 პლეიოფები: 17 ივნისი | ფინალები: 22 ივნისი #მადლობაბიჭებო #უმცროსიბორჯღალოსნები #რაგბიჩვენითამაშია #WorldRugbyU20s #Argentina2019

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019

ექვსი ცვლილება და ერთი გადაადგილება სამხრეთ აფრიკასთან

სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩს ლუკა გელაშვილი გამოტოვებს. მან ახალ ზელანდიასთან მატჩში თავშის არეში მიიღო დარტყმა. სასტარტო შემადგენლობაში სულ 6 ცვლილებაა: შუამარბად თამაშს იწყებს ლაშა ლომიძე, რომელიც დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა ღერძი - მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე და თემურ ჭიჭინაძე. ადგილი შეინარჩუნა ფრთამ ზურაბ ქავთარაძემ, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება.

შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯად დადგება ლუკა აზარიაშვილი, რომელმაც წინა მატჩი 3 ნომერზე დაიწყო, მეორე ბურჯი გია ხარაიშვილი იქნება, ხოლო კვაჭის პოზიციას ვანო კარკაძე დაიკავებს. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი და თამაშს ტატო გვიმრაძე და იოანე იაშაღაშვილი იწყებენ, ხოლო მესამე ხაზი უცვლელია - იოსებ გუშარაშვილი, კობა კოლოტაური და ბექა ყორიაული.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏉 საქართველოს 20-წლამდე ნაკრები სამხრეთაფრიკელ თანატოლებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ ეთამაშება.

🏉 სამხრეთ აფრიკას პირველი ორი მატჩი მოგებული აქვს. პირველად თბილისში 2017 წელს - 38:14. მეორედ საფრანგეთში, 2018 წელს - 33:27.

🏉 პირველი ლელო სამხრეთ აფრიკას 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტაბიძემ დაუდო.

🏉 საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ ორ მატჩში სამხრეთ აფრიკას 5 ლელო დაუდო.

🏉 გელა აფრასიძეს სამხრეთ აფრიკასთან გამართულ ორ მატჩში 16 ქულა აქვს დაგროვილი - 5 გარდასახვა და ორი ჯარიმა.

🏉 სამხრეთ აფრიკას ფრანკო ჰორნი დააკლდება, რომელმაც სამხრეთაფრიკულ ტურნეში მყოფ უმცროს ბორჯღალოსნებს ლელო 4-ჯერ დაუდო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ძირითადი შემადგენლობა: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია; 8. ბექა ყორიაული, 7. კობა კოლოტაური, 6. იოსებ გუშარაშვილი, 5. იოანე იაშაღაშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 3. გია ხარაიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 1. ლუკა აზარიაშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები