Thumbnail
  • 20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია
  • გოგა ბითაძე ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრშია
  • ვოინაროვსკის ინფორმაციით, ატლანტა ბრუკლინისგან მე-17 არჩევანს მიიღებს

20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართება, რომელშიც ერთ-ერთი კლუბი სავარაუდოდ, ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს აიყვანს.

იმის შანსი, რომ ეს პირველივე წრეში მოხდეს, დიდია. არის შანსი, რომ ეს სულაც "ლატარეის ზონაში" (პირველი 15) მოხდეს, ხოლო მეგა ბიმაქსის ქართველი ლეგიონერი დრაფტისთვის "მწვანე ოთახში" მიიწვიონ. 

გოგამ მეგა ბიმაქსში ბოლო მატჩი ითამაშა?

ამერიკული მედია ამ დღეებში ბევრს წერს მომავალი დრაფტის შესახებ, ჟურნალისტები ვარაუდებს გამოთქვამენ, რომლებიც ხშირად "ინსაიდერული" ინფორმაციებით არის გამაგრებული. 19 წლის ბითაძეც ხშირად არის მედიის ყურადღების ცენტრი. 

ბოლო დღეებში გამოიკვეთა NBA-ს კლუბი, რომელიც ყველაზე მოწადინებული ჩანს, რომ ქართველი ცენტრი აიყვანოს. ეს ჯორჯიული ატლანტა ჰოუკსია.

ატლანტას დრაფტის პირველ წრეში მე-8 და მე-10 არჩევის უფლება აქვს. ეს კი ბევრის აზრით, ცოტა ადრეა ბითაძის აყვანისთვის, თუმცა არსებობს ერთი ვარიანტიც. 

ადრიან ვოინაროვსკი ESPN-ის NBA-ს მთავარი ინსაიდერია და მისი სენსაციური სიახლეები ხშირად რეალობა ხდება. სწორედ ვოინაროვსკიმ გამოაქვეყნა ტვიტერზე ბრუკლინსა და ატლანტას შორის შეთანხმების შესახებ - ბრუკლინი თმობს ალენ კრეიბსა და წლევანდელი დრაფტის მე-17 ნომერს (პლუს 2020 წლის დრაფტის პირველი წრის არჩევანის უფლებას) და სამაგიეროდ ტოურინ პრინსსა და 2021 წლის დრაფტის მეორე წრის უფლებას იღებს. 

ასე რომ, ტოპ-20-ში ატლანტას სამი არჩევანის უფლება ექნება: 8, 10 და 17. მე-17 არჩევანს ატლანტა, სავარაუდოდ, სწორედ ბითაძისთვის გამოიყენებს. 

გოგას ბოლო თამაშზე: ბობან მარიანოვიჩი და ნიკოლა იოკიჩი ბითაძის აგენტთან ერთად

Peachtree Hoops-ის ჟურნალისტმა გრემ ჩეპლმა გოგა ბითაძის პოტენციალს ძალზე ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის დასკვნაშივ ვკითხულობთ: "გოგა ბითაძე ძალიან ნიჭიერია და მას მომატების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვიხილავთ მას State Farm Arena-ზე ატლანტაში? დრო გვაჩვენებს". 

ახლახან მან და Hawks.com-ის (ატლანტას ოფიციალური საიტი) ჟურნალისტმა კევინ შუინარდმა პოდკასტიც მოაწყეს, რომლის სათაური ასეთი იყო: Gogamania, Dewayne Dedmon and more
როგორც ჩანს, ბითაძის მომავლისთვის ატლანტას კონტურები გამოიკვეთა...

კომენტარები

ბოლო ამბები