Thumbnail
  • ქალთა თანრიგში საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისტები გაირკვა
  • 17 წლის ამანდა ანისიმოვამ ნახევარფინალში სენსაცია ვეღარ მოახდინა
  • ფინალში ერთმანეთს ეშლი ბარტი და მარკეტა ვონდროუშოვა შეხვდებიან

ამანდა ანისიმოვას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩოგბურთის ვუნდერკინდი - 17 წლის ამერიკელმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშა და ეს უკვე უდიდესი სენსაციაა. მეოთხედფინალში მან როლან გაროსის შარშანდელი გამარჯვებული სიმონა ჰალეპი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში სენსაცია ვეღარ მოახდინა - წარმოშობით რუსი თინეიჯერი ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან სამ სეტში, 7:6 (7:4), 3:6, 3:6 დამარცხდა.

ეშლი ბარტი

მსოფლიოს მერვე ჩოგანი ბარტი ფინალში, რომელიც შაბათს გაიმართება, ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვას შეხვდება. ეს უკანასკნელი განუთესავი გახლდათ და ყველასათვის მოულოდნელად, ფინალშია - მან დღეს ბრიტანელი იოჰანა კონტა ორ სეტში, 7:5, 7:6 (7:2) დაამარცხა. ამრიგად, რეიტინგში 38-ე პოზიციაზე მყოფი ვონდროუშოვას ფინალში გასვლაც დიდი სენსაციაა. ეს იქნება პირველი ფინალი დიდი სლემის ტურნირზე ორივე ჩოგბურთელისთვის!

მარკეტა ვონდროუშოვა

ბარტისა და ანისიმოვას მატჩის პირველი სეტი დრამატული და სენსაციური იყო! საქმე ისაა, რომ ბარტი პირველ სეტს 5:0-ს და 40:15-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ 6 გეიმი (!!!) წააგო და პირველ სეტში, საბოლოო ჯამში 6:7 დამარცხდა!

მეორე სეტში უკვე ბარტი აგებდა 0:3-ს, მაგრამ მერე ზედიზედ 6 გეიმი მოიგო! საბოლოო ჯამში, თამაში 1 საათსა და 53 წუთს გრძელდებოდა. ბარტიმ მეექვსე მატჩპოინტი გამოიყენა.

ასევე დამაინტრიგებლად ვითარდებოდა მოვლენები მეორე ნახევარფინალურ მატჩშიც. ფავორიტად მიჩნეული კონტა 19 წლის ვოდროუშოვას პირველ სეტში 5:3-ს უგებდა და ორი სეტპოინტი დათმო, მერე კი სეტი 5:7 წააგო! მეორე სეტს კონტა 5:3-ს იგებდა და 6:7 დათმო - შესაბამისად, წააგო თამაშიც.

კომენტარები

ბოლო ამბები