Thumbnail

ფილიპე კოუტინიო ბარსელონადან მიდის - ტრანსფერი კოპა ამერიკის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ბრაზილიელმა აგენტებსა და კლუბს წასვლის სურვილის შესახებ აცნობა
  • ბარსას იმედი აქვს, რომ ფელიპეს კოპა ამერიკის შემდეგ უფრო სარფიანად გაყიდის 

ბარსელონას ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს კლუბიდან შესაძლო წასვლაზე კარგა ხანია იწერება. ფაქტია, 26 წლის ფეხბურთელმა ვერაფრით მოახერხა კატალონიურ გრანდში ადაპტირება და ვითარების შეცვლა უახლოეს მომავალში სურს.

როგორც Cadena Ser იუწყება, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წასვლის სურვილის შესახებ უკვე აცნობა თავის აგენტებსა და ბარსელონას ხელმძღვანელობას.

კოუტინიოსთვის პრობლემა შესაძლოა მისი სატრანსფერო ფასი გახდეს. თავის დროზე ბარსას ბრაზილიელი 120 მილიონი ევრო დაუჯდა, დამატებით გათვალისწინებული 40 მლნ ევროს ოდენობის ბონუსებიდან კი კატალონიურმა კლუბმა 15 მლნ უკვე გადაიხადა. 

ნეიმარის არყოფნაში, კოპა ამერიკაზე კოუტინიოზე ბევრი იქნება დამოკიდებული

როგორც ირკვევა, ბარსელონა მზადაა, ფეხბურთელი 110 მილიონ ევროდ დათმოს, მაგრამ კოუტინოში ამხელა თანხის გადამხდელის პოვნა იოლი არაა. სწორედ ამიტომ, ბარსელონა და ფილიპე მოვლენათა ფორსირებას არ აპირებენ. უახლოეს მომავალში ნახევარმცველი კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს და კლუბშიც იმედოვნებენ, რომ საშინაო ტურნირზე წარმატებული გამოსვლა მასზე მოთხოვნასაც გაზრდის და მის ფასსაც.

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში ლივერპულიდან, 2018 წლის იანვარში გადაბარგდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ესპანური პრიმერას 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები