Thumbnail

რეალის ფორმა 2019/20 წლების სეზონში - ბეილი და ნავასი ჯერ ისევ აქ არიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სამეფო კლუბმა მომავალი სეზონის ფორმის საშინაო კომპლექტი წარმოადგინა
  • ფორმის პრეზენტაციაში გარეტ ბეილი და კეილორ ნავასიც მონაწილეობდნენ

მადრიდის რეალი მომავალი სეზონისთვის თადარიგს უკვე იჭერს. კლუბმა, რომლის ტექნიკური სპონსორი გერმანული ფირმა adidas-ია, 2019/20 წლების სეზონში სათამაშო ფორმის საშინაო კომპლექტი წარმოადგინა. 

ეკიპირება "სამეფო კლუბისთვის" კლასიკურ, თეთრ ფერშია წარმოდგენილი, ოღონდ, ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული. ნარინჯისფერია გუნდის მეკარის ფორმა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა მაისურაზე ოქროსფერი ელემენტები 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად გამოჩნდა. 

რეალის მეკარის ფორმა 2019/20 წლების სეზონში

მიუხედავად მათ შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით  გავრცელებული ხმებისა, ფორმის პრეზენტაციაში გარეტ ბეილი და კეილორ ნავასიც მონაწილეობდნენ. მაისურები უკვე იყიდება რეალის საკლუბო და adidas-ის მაღაზიებში.

ფორმა 100%-ით პოლიესტერისგანაა დამზადებული და მასში გამოყენებულია ოფლის შემწოვი ტექნოლოგია Climalite. 

გასულ სეზონში მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, მოპოვებული 68 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, პირველობის გამარჯვებულ ბარსელონას კი 19 ქულით ჩამორჩა. მადრიდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი დაძლია, თუმცა ⅛-ფინალში აიაქსთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ტურნირის დაემშვიდობა. რეალმა წარმატებას ვერც ესპანეთის თასზე მიაღწია, სადაც ½-ფინალში ბარსელონასთან წააგო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები