Thumbnail

ბუფონი ბარსელონაში? იტალიელი ლეგენდა ვარიანტებს განიხილავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 41 წლის იტალიელმა მეკარემ კარიერა შესაძლოა კატალონიაში გააგრძელოს
  • ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს საიტი იუწყება 
  • ვეტერან გოლკიპერს ბარსელონა სათადარიგო მეკარის ადგილზე განიხილავს 

ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარი სენ-ჟერმენის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს საიტი იუწყება, ბარსელონას ხელმძღვანელობა 41 წლის იტალიელს სათადარიგო მეკარედ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელად განიხილავს. 

გადაწყვეტილია, რომ ჯიჯი ბუფონი პარიზში აღარ დარჩება

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული მეკარე პარი სენ-ჟერმენში გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ვეტერანმა პსჟ-ის მაისურით 25 მატჩში ითამაშა, ამდენივე გოლი გაუშვა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ბუფონს პარიზელებთან კონტრაქტი ამ ზაფხულამდე აკავშირებს, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით, თუმცა მეკარემ კლუბში დარჩენა აღარ მოინდომა და 30 ივნისს ოფიციალურად დატოვებს.

მეტი ამ თემაზეALLEZ PARIS! - ჯიჯი ბუფონი პარი სენ-ჟერმენს დაემშვიდობა

41 წლის მეკარეს სამშობლოში დაბრუნების ვარიანტებიც აქვს 

იუწყებიან, რომ ჯიჯის ვარიანტები იტალიიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან და თურქული ფენერბაჰჩედან აქვს. მეკარემ წინადადება ბრეშიასგან მიიღო, რომელმაც გასული სეზონის შედეგების მიხედვით, სერია A-ს საგზური მოიპოვა. იტალიაში მეკარით ასევე ინტერესდებიან ლაციო და ჯენოა. 

ჯანლუიჯი ბუფონი პარმას აღზრდილია, სადაც 1995 წლამდე თამაშობდა. შემდეგ იყო 17-წლიანი კარიერა იუვენტუსში, რომელიც გასულ ზაფხულს დასრულდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბუფონმა 176 მატჩი ითამაშა. მეკარე იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები