Thumbnail

'საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ივნისში უჭირს?' - რა თქვა ვაისმა მატჩის წინ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 7 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V გიბრალტარი 
  • 📅 10 ივნისი | ⌚ 23:45 | ⚽ დანია V საქართველო
  • ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

7 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს - "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ნაკრებში ერთი დებიუტანტია: ხვიჩა კვარაცხელია. რას იტყვით მასზე?

ვაისი: ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ვფიქრობ, ის გიორგი ჩაკვეტაძეს ჰგავს და რა თქმა უნდა, გამოვიძახე იმიტომ, რომ ითამაშოს. დიდია შანსი, ხვიჩა გიბრალტართან სასტარტო შემადგენლობაში იყოს.

რამდენად მძიმეა გიორგი ქვილითაიას ტრავმა და გვაძლევთ თუ არა პირობას, რომ საქართველოს ნაკრები მოუგებს გიბრალტარს?

ვაისი: სამწუხაროდ, გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირას გამოტოვებს. რაც შეეხება თამაშს, ქულები გვჭირდება და უნდა მოვიგოთ. გვინდა, რომ უფრო შემტევი, გახსნილი თამაში ვაჩვენოთ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს ახალგაზრდა მოთამაშეები. გვინდა, რომ გავახაროთ გულშემატკივრები. 

გიბრალტარმა ერევანში სომხეთთან მოიგო და შეეცდება, იგივე თბილისშიც გააკეთოს...

ვაისი: გიბრალტარის მოგება სომხეთთან მოულოდნელი იყო. ვუყურეთ თამაშს და გავარჩიეთ მათი კონტრშეტევები.

შეგვიძლია თუ არა ხვიჩა კვარაცხელია დათო ყიფიანს შევადაროთ?

ვაისი: ძალიან ვაფასებ თბილისის დინამოს და ქართული ფეხბურთის ისტორიას. ვიცი, რა დიდებული ფეხბურთელი იყო დათო ყიფიანი. თუ ხვიჩა კვარაცხელია თავმდაბალი იქნება და ბევრს იშრომებს, ნამდვილად შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ველოდები კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს ეროვნულ ნაკრებში. 

ნიკა კვეკვესკირი და ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე
📸 | POPSPORT.COM

ასევე, გამოძახებულია გია გრიგალავა ტულის არსენალიდან. დიდი ხანი არ იწვევდით და რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება?

ვაისი: ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი. ტულის არსენალმა რუსეთის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და მოულოდნელად, მე-6 ადგილი დაიკავა, გრიგალავა კი თითქმის ყოველთვის თამაშობდა. გიბრალტართან შეხვედრაში გია 90% ძირითად შემადგენლობაში იქნება. 

როგორ ფორმაში არიან კვერკველია, ნავალოვსკი და მჭედლიძე, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ?

ვაისი: ნავალოვსკის და ხოჭოლავას მსუბუქი ტრავმა აქვთ და მათ ვაკვირდებით. სამწუხაროდ, კვერკველია არ არის მზად გიბრალტართან თამაშისთვის. პაპუნაშვილი გვიან შემოგვიერთდა და ასევე უნდა ვნახოთ, რა ფორმაშია. მჭედლიძე სტაბილურად ვარჯიშობდა და ვფიქრობ, რომ შეუძლია ეროვნულ გუნდს 15-20 წუთის განმავლობაში დაეხმაროს. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ოპტიმალურ ფორმაში არიან.

ლუკა ზარანდიას კარგი სეზონი ჰქონდა და რატომ არ იძახებთ მას ნაკრებში?

ვაისი: ლუკა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა ფეხბურთელები შევარჩიე. ზარანდიამ უნდა იშრომოს, ითამაშოს და დაელოდოს თავის შანსს. თუ კარგად ითამაშებს, აუცილებლად მოხვდება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ზარანდია გაფართოებულ სიაში ყოველთვის არის.

ვლადიმირ ვაისი
📸 | POPSPORT.COM

ელგუჯა ლობჯანიძე ნაკრების დებიუტანტია და რამდენად კარგად წარმოაჩინა თავი ვარჯიშებზე?

ვაისი: ელგუჯა მეორედ არის ნაკრებში, თუმცა პირველ შეკრებაზე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ლობჯანიძე კარგად თამაშობს თავით, ბოლომდე იბრძვის და ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია გიბრალტართან შეხვედრაში. დიდი დანაკლისი გვაქვს, წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია და ეს უხსნის გზას სხვა ფეხბურთელებს.

მოულოდნელი იყო ვაკო ყაზაიშვილის განაცხადს მიღმა დატოვება. რა იყო ამის მიზეზი?

ვაისი: სხვა ფეხბურთელებს მივეცი თავის გამოჩენის საშუალება. ვაკოსგან ველოდები უკეთეს თამაშს და უფრო მეტ დისციპლინას. ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება წაადგება და იმედია, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაამტკიცოს მისი საჭიროება ეროვნული გუნდისთვის. 

ისტორიულად, საქართველოს ნაკრებს უჭირს ივნისში თამაში. როგორც წესი, ფეხბურთელები ამ დროს ფორმაში არ არიან. რამდენი პროცენტით არის მზად საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის?

ვაისი: მხოლოდ ივნისში უჭირს საქართველოს ნაკრებს? ეს ხუმრობით. სწორედ ამას ვამბობ, რომ გიბრალტარის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ და ფორმაში არიან.

კვეკვესკირი: დიდი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ!

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრები): "ძალიან სასიამოვნოა, რომ ეროვნულ ნაკრებში ისეთი ახალგაზრდები მოდიან, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. გიორგი ჩაკვეტაძესთნ ერთად, ის ქართული ფეხბურთის მომავალია.

ნიკა კვეკვესკირი
📸 | POPSPORT.COM

რაც შეეხება გუნდში არსებულ ატმოსფეროს, ყველა მონდომებულები ვართ, რომ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გავახაროთ გულშემატკივარი. ერთა ლიგაში წარმატებით, ქომაგებს იმედი დავუბრუნეთ, რაც ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვაქვს გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია.

ცუდად დავიწყეთ შესარჩევი ეტაპი, თუმცა ეს ეროვნული ნაკრებია და სულ რომ უშანსოდ ვიყოთ, თითოეულ შეხვედრაში დიდი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ. ასე რომ, უნდა ვიბრძოლოთ ყველა შეხვედრაში, ერთა ლიგა კი ჩვენთვის უნიკალური შანსია. უნდა ავიხდინოთ ოცნება და ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე".

📋 მეტი ამ თემაზე:

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები