Thumbnail

ორი მთავარი მიზეზი - რატომ მიდის კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენიდან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს კლუბის შეცვლა სურს
  • 20 წლის ფეხბურთელის მამა და აგენტი კლუბის მოძიების პროცესითაა დაკავებული 

პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს კლუბის შეცვლა სურს. როგორც AS იუწყება, 20 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ამის ორი მიზეზი აქვს.

პირველ რიგში, ფორვარდი იმედგაცრუებულია იმით, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ის მთავარ პენალტისტად არ დანიშნა და ამ ფუნქციას მეტწილად ნეიმარი და ედინსონ კავანი ასრულებდნენ. მბაპე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო წააგო მან “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლა ლიონელ მესისთან და ვერც 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი მიიღო. 

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენში თავს მარტოსულად გრძნობს. მას არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ნეიმართან, მეტიც, ისინი საერთოდ არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. 

გავრცელებული ხმებით, ფრანგსა და ბრაზილიელს ერთმანეთთან კომუნიკაცია საერთოდ არ აქვთ 

იუწყებიან, რომ კილიან მბაპეს მამა და აგენტი, ვილფრიდ მბაპე, ახალი კლუბის მოძიების პროცესითაა დაკავებული. ირკვევა, რომ მას რამდენიმე კვირის წინ ციურიხში, მსოფლიო ფეხბურთში საკმაოდ გავლენიან ფიგურასთან შეხვედრაც ჰქონდა.

კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერნემთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. მანამდე იწერებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირებით მადრიდის რეალია დაინტერესებული. 

პსჟ-ის  თავდამსხმელმა გასულ სეზონში ლიგა 1-ის 29 მატჩში 33 გოლი შეაგდო და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ის ლიონელ მესის სამი გოლით ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები