Thumbnail

ტრანსფერები | რეალი? ბაიერნი? ერიკსენს ტოტენჰემიდან წასვლა სურს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრისტიან ერიკსენმა დაადასტურა, რომ ‘რაღაც ახალი სურს’
  • დანიელის მიზანი მადრიდის რეალში გადასვლაა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ, ტოტენჰემმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: სპურსის ვარსკვლავმა კრისტიან ერიკსენმა განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს. 27 წლის დანიელი ნახევარმცველი არ მალავს, რომ მადრიდის რეალში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ აცხადებს, რომ ტოტენჰემს ესპანური გრანდიდან შეთავაზება არ მიუღია.

“ისეთი გრძნობა მაქვს, რომ კარიერაში მივაღწიე ფაზას, როცა რაღაც ახალი უნდა ვცადო,” - განაცხადა ერიკსენმა Ekstrabladet-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ იმედი აქვს, ტრანსფერის საკითხი მალე გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემთან მას კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

'იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რეალიდან ტოტენჰემში უნდა დარეკონ და თქვან, რომ ჩემი გადაბირება სურთ'

ერიკსენი იმასაც ამბობს, რომ ტოტენჰემს უდიდეს პატივს სცემს. შეგახსენებთ, რომ დანიელი სპურსში 6 წელია თამაშობს. ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი არ მალავს, რომ მისი მიზანი რეალში გადასვლაა: “თუ წავალ, სწორედ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რეალიდან ტოტენჰემში უნდა დარეკონ და თქვან, რომ ჩემი გადაბირება სურთ. რამდენადაც ვიცი, ეს ჯერ არ მომხდარა!”

თუ ეს არც მოხდება, ერიკსენი არც იმას გამორიცხავს, რომ ტოტენჰემში დარჩეს: “თუ საინტერესო წინადადებები არ მექნება, შესაძლოა, ტოტენჰემში დავრჩე. გავაფორმებ თუ არა ახალ კონტრაქტს, ეს პირობებზეა დამოკიდებული,” - დასძინა ერიკსენმა, რომელსაც დანიის ნაკრებში 87 მატჩი აქვს ჩატარებული.

ცნობილია, რომ მისი შეძენა მიუნხენის ბაიერნს სურს. ‘მარკას’ ინფორმაციით, გერმანული გრანდი მზადაა, ტოტენჰემთან მოლაპარაკებები დაიწყოს. შედის თუ არა რეკორდმაისტერი იმ გუნდების სიაში, სადაც გადასვლას ერიკსენი წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები