Thumbnail
  • პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარის გარშემო ატეხილ სპეკულაციებს გამოეხმაურა.
  • ნასერ ალ-ხელაიფი: ბრაზილიელი ჩვენთან დარჩება, მორჩა და გათავდა!

დღე ისე არ გავა, რომ ფრანგულ, ან ესპანურ პრესაში ნეიმარის შესახებ ახალი სატრანსფერო სპეკულაცია არ გავრცელდეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანური სპორტული მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი პსჟ-ში თავს მთლად კარგად ვერ გრძნობს, პარიზში მობეზრდა და ესპანეთში დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა. 

პარალელურად, ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალი მზად არის, ფრანგულ გრანდს ბრაზილიელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა და თვით კრიშტიანო რონალდოც კი შესთავაზოს. სპეკულაციებს ახლა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გამოეხმაურა.

“ნეიმარი რეალში? ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ ნეიმარი მოედანზე ძალიან ბედნიერია?! ბრაზილიელი პარიზში თავს შესანიშნავად გრძნობს. საფრანგეთის დედაქალაქში მისი ოჯახიც ძალიან ბედნიერია,” - უთხრა პსჟ-ს შეფმა მონპელიესთან მატჩის (4:0) შემდეგ Canal Plus-ს.

ნასერ ალ-ხელაიფი ფიქრობს, რომ გავრცელებული სპეკულაციებით, “ზოგ-ზოგიერთების მიზანი ის არის, რომ ნეიმარმა რეალთან უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ინერვიულოს.”

ნეიმარი სეზონის ბოლოს არსად არ წავა… არავითარ შემთხვევაში!

“იქნებ, მათი მიზანი სწორედ ისაა, რომ პსჟ-ში გაურკვევლობა იყოს? მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს. ნეიმარი სეზონის ბოლოს არსად არ წავა… არავითარ შემთხვევაში!” - დასძინა პარიზული გრანდის შეფმა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნეიმარი ბარსელონადან პსჟ-ში ზაფხულში გადავიდა. ფრანგებმა კატალონიელებს 220 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

► მესი: ბარსა ნეიმარის გარეშე უფრო ძლიერია!

კომენტარები

ბოლო ამბები