Thumbnail

რუმენიგემ დაადასტურა - ხამეს როდრიგესი რეალში ბრუნდება, მაგრამ რეალიც გაუშვებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუნხენის ბაიერნი რეალიდან ხამეს როდრიგესს არ გამოისყიდის
  • რეკორდმაისტერის გენერალური დირექტორმა გადაწყვეტილება დაადასტურა
  • კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, წასვლა თვითონ ფეხბურთელმა ითხოვა

გერმანულ მედიაში ამის შესახებ დიდი ხანია, იწერება, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალიდან ხამეს როდრიგესს არ გამოისყიდის. როგორც იცით, კოლუმბიელი ბავარიულ გრანდში არენდით თამაშობდა და რეკორდმაისტერს მისი გამოსყიდვა ამ ზაფხულს 42 მილიონ ევროდ შეეძლო.

“პრინციპში, გადაწყვეტილება მიღებულია. სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ხამესი ჩემთან მოვიდა და მთხოვა, კონტრაქტში ჩადებული პუნქტით არ გვესარგებლა. წინა კვირაში მისმა მრჩეველმა ჟორჟე მენდეშმაც დამირეკა და იგივე მითხრა,” - განაცხადა რუმენიგემ Sport 1-თან ინტერვიუში.

რუმენიგე და ბაიერნის მწვრთნელი ნიკო კოვაჩი

ბაიერნის ბოსი ამბობს, რომ ხამესის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა: “როდესაც ფეხბურთელს ეს არ სურს, ოფციის გამოყენებას აზრი არ აქვს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყიდო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 42 მილიონ ევროდ, როცა მას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ვერ სთავაზობ.”

ამრიგად, ხამეს როდრიგესი მადრიდის რეალში დაბრუნდება, სადაც კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. თუმცა, დიდი ალბათობით, კოლუმბიელს მადრიდული გრანდიდანაც გაუშვებენ. მართალია, რეალის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ ცნობილია, რომ ხამესის გადაბირება ნაპოლის და იუვენტუსს სურთ. ამ დღეებში გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ რეალი მანჩესტერ იუნაიტედს პოლ პოგბას სანაცვლოდ, 27 წლის ხამესს, გარეთ ბეილსა და კეილორ ნავასს შესთავაზებს.

“ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხამეს როდრიგესის მსგავსი ფეხბურთელები ძალიან მიყვარს. მას არაჩვეულებრივი მარცხენა ფეხი აქვს, მაგრამ არაფერს აზრი არ აქვს, როდესაც მას მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს, ჩვენ კი ამას ვერ ვთავაზობთ.” - დასძინა რუმენიგემ.

ხამეს როდრიგესი ბაიერნში 2017 წელს, რეალიდან არენდით გადავიდა. რეკორდმაისტერში მან 67 ოფიციალურ მატჩში 15 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები