Thumbnail

ოფიციალურად: მადრიდის რეალმა ლუკა იოვიჩი გაიფორმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზინედინ ზიდანმა მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერება უკვე დაიწყო
  • 21 წლის სერბი ფორვარდი რეალის ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს
  • მადრიდელები აინტრახტს ტრანსფერში დაახლოებით 60 მლნ ევროს გადაუხდიან 

ფრანკფურტის აინტრახტის 21 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი ამიერიდან მადრიდის რეალის ფეხბურთელია. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" პრესსამსახური იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელთან ხელშეკრულება 6 სეზონით გაფორმდა - 2025 წლის ზაფხულამდე.

უახლოეს მომავალში იოვიჩი რეალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გარიგების სხვა დეტალების შესახებ კლუბი არაფერს იუწყება, თუმცა, მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი ფასი დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს. ინტერნეტ-პორტალი Goal კი იუწყება, რომ ახალგაზრდა სერბი ფორვარდი მადრიდულ კლუბში კონტრაქტით 70 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ზინედინ ზიდანმა მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერება დაიწყო

გასულ სეზონში ლუკა იოვიჩმა გერმანული ბუნდესლიგის 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. მის ანგარიშზე ასევე 10 მატჩი და 1 საგოლე პასია ევროპალიგის 14 შეხვედრაში, სადაც აინტრახტმა ნახევარფინალამდე გააღწია. თავდამსხმელი სერბეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 2018 წლის ივნისიდან თამაშობს და მის ანგარიშზე ოთხ შეხვედრაში გატანილი ერთი გოლია.

ლუკა იოვიჩი ცრვენა ზვეზდას აღზრდილია, რომლის ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა. შემდეგ ის ბენფიკაში გადაბარგდა, საიდანაც ერთი წლის შემდეგ ფრანკფურტის კლუბში იჯარით გადაბარგდა. აინტრახტმა იოვიჩზე უფლებები პორტუგალიელებიგან სეზონის მიმდინარეობისას გამოისყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები