Thumbnail
  • NBA-ის ცენტრალური მატჩი გოლდენ სტეიტმა მოიგო.
  • შეხვედრის ბედი სტეფ კარიმ გადაწყვიტა.
  • ზაზა ფაჩულია 2 ქულა, 2 პასი და 4 მოხსნა 15 წუთში.

კალიფორნიაში NBA-ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა - მოქმედი ჩემპიონი და დასავლეთ კონფერენციის ლიდერი გოლდენ სტეიტი აღმოსავლეთის ლიდერ ბოსტონ სელტიკსს მასპინძლობდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინმა გაამართლა: “ორაკლ არენაზე” შეკრებილმა მაყურებლებმა იდეალური კალათბურთი ნახეს. უპრესტიჟულესი დაპირისპირება უორიორსმა 109:105 მოიგო, რაც პირადად სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც ბოსტონის ლიდერ კაირი ირვინგს პირადი დუელი მოუგო.

კარიმ კარიერის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - მან 49 ქულა დააგროვა, ირვინგის ანგარიშზე კი 37 ქულა გახლდათ. სტეფმა განსაკუთრებით ბოლო წუთებში დაამტკიცა, თუ რატომაა ის გოლდენ სტეიტისთვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი მოთამაშე.

ბოლო 102 წამში კარიმ 13 ქულა ჩააგდო!

სტეფ კარის მხარი ყველაზე კარგად ამჯერად დრეიმონდ გრინმა აუბა, რომელმაც 15 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ბოსტონიდან ორმაგი დუბლის ავტორი ელ ჰორფორდი გახდა (15 ქულა, 13 მოხსნა). კევინ დურანტის ანგარიშზე 20 ქულა და 9 მოხსნა გახლდათ - დურანტულას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი და 4 წამი გაატარა. ზაზამ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა (ზუსტი ორქულიანით). მის ანგარიშზე ასევე 2 პასი და 4 მოხსნა (1 შეტევაში, 3 დაცვაში) იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდი ბოსტონმა 10 ქულის სხვაობით, 37:27 მოიგო და სელტიკსი დიდ შესვენებაზეც გამარჯვებული გავიდა (4 ქულით). მესამე პერიოდში მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს და 30:19 გაიმარჯვეს - მატჩის ბედი სწორედ ამ მეოთხედმა გადაწყვიტა.

ბოსტონთან გამარჯვებით სტივ კერის გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვლავ ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია. მომდევნო შეხვედრას გოლდენ სტეიტი 31 იანვარს, იუტა ჯაზთან გამართავს. ბოსტონისთვის ეს ბოლო 6 შეხვედრაში მეხუთე მარცხი გახლდათ - მიუხედავად ამისა, სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მაინც ლიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები