Thumbnail
  • იურგენ კლოპმა ბილდთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა
  • გერმანელი ამბობს, რომ ლივერპულს განვითარების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია

იურგენ კლოპმა მეორე დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტელევიზორში კიდევ ერთხელ ნახა - სიმშვიდეში კიდევ ერთხელ ისიამოვნა ემოციური მომენტებით, თუ როგორ იზეიმეს ლივერპულელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება. გერმანულ გაზეთ ‘ბილდთან’ ინტერვიუში მან ცივი გონებით შეაფასა ის, რაც შაბათს მადრიდის ‘ვანდა მეტროპოლიტანოზე’ და შემდეგ უკვე ლივერპულის ქუჩებში ხდებოდა.

BILD: დორტმუნდში გერმანიის ჩემპიონი გახდით და დუბლიც შეასრულეთ, ახლა კი ‘ევროპის მეფე’ ხართ. ჩემპიონთა ლიგის თასი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია?

კლოპი: ტიტულების შედარების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. დორტმუნდის ბორუსიასთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგე. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მოგება მეხმარება (იცინის).

BILD: რაში?

კლოპი: ახლა უკვე გარკვეული არგუმენტები მაქვს. რამდენჯერ გამიგია, რაღაც მაინც უნდა მოიგონო. ახლა კი ეს გავაკეთეთ.

BILD: ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი გქონდათ წაგებული და ეს გამარჯვება თქვენთვის ევერესტის დაპყრობასავით უნდა იყოს…

კლოპი: კარგი შედარებაა. მე ვიტყოდი, რომ ნახევარფინალში ბარსელონას დამარცხება 8000-იანი მწვერვალის დაპყრობა იყო, ფინალი კი ამ მწვერვალიდან წარმატებული ჩამოსვლა. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ახლა სიმშვიდეში უნდა გავაანალიზო.

გვყავს გუნდი, რომელსაც განვითარების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია - უბრალოდ, შარშანდელთან შედარებით პროგრესი განიცადა და ეს პროცესი გაგრძელდება

BILD: ლივერპულში ახალ ერას იწყებთ?

კლოპი (იცინის): ეს ნამდვილად არ იქნება მსოფლიო ფეხბურთში ახალი ბატონობის დასაწყისი. ჩვენ ვიცით, რომ სხვა გუნდებს ხეებზე არ სძინავთ. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ გვყავს გუნდი, რომელსაც განვითარების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია - უბრალოდ, შარშანდელთან შედარებით პროგრესი განიცადა და ეს პროცესი გაგრძელდება.

BILD: ეს რას ნიშნავს?

კლოპი: ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის ტიტულებს ვერ მოვიგებთ და არც ვართ ვალდებულები, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი კიდევ უნდა განვითარდეს და მოტივირებული, დამშეული უნდა იყოს.

წაიკითხეფეხბურთის რობინ ჰუდი - როგორ თამაშობს იურგენ კლოპის ლივერპული

BILD: რამდენად გადაღლილი ხართ ემოციურად?

კლოპი: მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში ტრიუმფის შემდეგ მხოლოდ 2 საათი მეძინა, ლივერპულის ქუჩებში თასით სიარულმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ნანახმა მოლოდინს დიდად გადააჭარბა.

BILD: იმის გამო, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი ქუჩებში გამოვიდა?

კლოპი: პირდაპირ გეტყვით, ეს სიგიჟე იყო. ემოციურად მართლაც ძალიან დაღლილი ვიყავი. ახლა სწორედ ამ ვიდეოებს ვუყურებ და ვახარისხებ, ვინახავ. 

BILD: ლივერპულში უკვე მესიას გიწოდებენ. წნეხს არ გრძნობთ?

კლოპი: მე უბრალოდ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. რა თქმა უნდა, ვხედავ და ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ ხალხს ლივერპულში. საბედნიეროდ, ჩვენი ფანები ყოველთვის ხედავენ, რომ წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძვით და არაფერს ვიშურებთ. 

BILD: ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გუნდის მოტივირება არ გაგიჭირდებათ?

კლოპი: სისულელეა. ეს ტურ დე ფრანსივითაა. მართალია, ლიდერს ყვითელი მაისური აქვს, მაგრამ ეს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიძინოს.

BILD: არ გეშინიათ, რომ სალაჰის, მანეს ან ვან დაიკის გადაბირებას ბარსელონა ან რეალი მოისურვებენ?

კლოპი: ვფიქრობ, ფეხბურთელებმა კარგად იციან, რაოდენ გასაოცარ გუნდში თამაშობენ და ამიტომ ამაზე არ ვნერვიულობ.

წაიკითხევინ არის ქალი, რომელიც სტადიონზე შევარდა და რა მიზანი ჰქონდა მას

BILD: ახლა ალბათ უკვე გაგიადვილდებათ ისეთი ფეხბურთელების შეძენა, როგორებიც მატეის დე ლიხტი ან ხამეს როდრიგესი არიან. თანაც, ფული უკვე საკმარისზე მეტი უნდა გქონდეთ…

კლოპი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი გრძნობა, რომ გუნდში ძალიან დიდი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც გააგრძელებს განვითარებას.

BILD: ფრანც ბეკენბაუერმა მიუნხენის ბაიერნში გისურვათ. კაიზერს ამ სურვილს არ შეუსრულებთ?

კლოპი (იცინის): ფრანცი მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. მაგრამ ლივერპულში ხანგრძლივი კონტრაქტი მაქვს.

BILD: ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის მწვრთნელად ვერასდროს გიხილავთ?

კლოპი: ეს იმას ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როცა ფრანც ბეკენბაუერი ჩემზე ასეთ რამეს ამბობს, მაგრამ ბაიერნსაც და დორტმუნდის ბორუსიასაც ძალიან კარგი მწვრთნელები ჰყავთ. რა იქნება 5 ან 6 წელიწადში, ეს კი ნამდვილად არ ვიცი. იქნებ, მომავალში სულ სხვა მწვრთნელები გამოჩნდნენ...

BILD: პრემიერლიგაში 97 ქულა აიღეთ და ჩემპიონი მაინც მანჩესტერ სიტი გახდა…

კლოპი: სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ზუსტად 3 წუთში დავივიწყე. ჩვენ აბსოლუტურად საუკეთესო სეზონი ჩავატარეთ, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ბრწყინვალე სეზონი ტოტენჰემთან გამარჯვებით და ჩემპიონთა ლიგის სეზონით დაგვირგვინდა.

იურგენ კლოპი მეუღლე ულასთან ერთად

BILD: ოქროს მედალი მეუღლე ულას მიუძღვენით…

კლოპი: ძალიან გაუხარდა! მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ადამიანები ვართ, ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს, ჩვეულებრივი, ადამიანური გრძნობებით. ახლა შვებულებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ვერ გეტყვით, სად ვაპირებთ წასვლას. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან, ძალიან შორს მივდივართ.

კომენტარები

ბოლო ამბები