Thumbnail

'მიზანი ისევ ლა ლიგაა' - გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსაში რჩება

  • არაგონული კლუბის ქართველი ნახევარმცველი სეზონს აფასებს და მიზნებზე საუბრობს
  • 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ოცნება სარაგოსთასთან ერთად ლა ლიგაში მოხვედრაა

გიორგი პაპუნაშვილი აცხადებს, რომ სარაგოსას დატოვებას არ აპირებს და მომავალ სეზონშიც არაგონული კლუბის ღირსებას დაიცავს. მეტიც, 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მიზნად, ლა ლიგა 2-ის კლუბთან ერთად, პრიმერაში გადასვლას გეგმავს. 

ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე ორი ტური დარჩა. 4 ივნისს სარაგოსა ნუმანსიას უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი, 9 ივნისს, ტენერიფეს ესტუმრება. პაპუნაშვილის გუნდს 40 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა - ლა ლიგაში აღზევების შანსი კარგა ხანია აღარ აქვს და არც დაქვეითება ემუქრება. 

გიორგი სარაგოსაში თავს ბედნიერად გრძნობს

"გუნდს არ დავტოვებ, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ყველაფერი მაკმაყოფილებს. აქ მოსვლის დღიდან, ვოცნებობ გუნდთან ერთად პრიმერა დივიზიონში მოხვედრაზე, მაგრამ ეს ოცნება ჯერჯერობით ვერ ავისრულე. ვრჩები და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რათა თანაგუნდელებთან ერთად ამ მიზანს მივაღწიო", - ამბობს გიორგი, რომელიც სარაგოსას ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გიორგი პაპუნაშვილისთვის 2018/19 წლების სეზონი წარმატებული ნამდვილად არ გამოვიდა. ფეხბურთელს ხელი ტრავმებმა ძალიან შეუშალა. გიორგიმ ლა ლიგა 2-ის სულ 13 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი.

გიორგი პაპუნაშვილი გიბრალტარსა და დანიასთან მატჩებისთვის ნაკრებშია გამოძახებული

თავად პაპუნაშვილი სეზონს ასე აფასებს:

"ამ სეზონში მიზნის მიღწევაში ხელი გუნდში გარკვეულმა პრობლემებმა, ასევე ტრავმებმა შეგვიშალა. თავად 90 წუთი არცერთ მატჩში მითამაშია და რომ არა ეს, გაცილებით უკეთესი სეზონი გამომივიდოდა. დარჩა კიდევ რამდენიმე მატჩი, მაგრამ აღარ ვითამაშებ. ნუმანსიასთან სათამაშოდ მზად ვიყავი, მაგრამ მწვრთნელს დაველაპარაკე და დასვენება ვამჯობინე. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უნდა დავბრუნდე, რათა გიბრალტარსა და დანიასთან ვითამაშო".

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩებს გიბრალტართან თბილისში 7 ივნისს გამართავს, 10 ივნისს კი სტუმრად დანიას დაუპირისპირდება. ვლიდიმირ ვაისმა მომავალი მატჩებისთვის გიორგი პაპუნაშვილიც გამოიძახა.

კომენტარები

ბოლო ამბები