Thumbnail

როლან გაროსი | ძველი ვავრინკა დაბრუნდა? წინ როჯერ ფედერერთან დუელია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტენ ვავრინკა საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია
  • შვეიცარიელმა ციციპასთან 5-საათიანი ომი მოიგო და როჯერ ფედერერს ხვდება
  • ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, ვავრინკა დიდ სცენაზე დაბრუნდა

დრო იყო, სტენ ვავრინკა ფიქრობდა, რომ ჩოგბურთს მაღალ დონეზე საერთოდ ვეღარ ითამაშებდა და კარიერის დასრულებაზე აზრიც კი გაივლო თავში. ახლა კი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია. 34 წლის შვეიცარიელი დაბრუნდა! მატჩი, რომელიც მერვედფინალში მოიგო, როლან გაროსის და ზოგადად ჩოგბურთის ისტორიაში დარჩება. ეს იყო ეპიკური, 5-საათიანი ომი 20 წლის უნიჭიერეს ბერძენ სტეფანოს ციციპასთან, რომელიც მსოფლიოს მე-6 ჩოგანია.

ვავრინკას და ციციპასის მატჩი 5-საათიანი გამოვიდა

7:6 (8:6), 5:7, 6:4, 3:6, 8:6 - ვავრინკას და ციციპასი დუელი 5 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. როლან გაროსის ისტორიაში ამაზე ხანგრძლივი მხოლოდ 3 მატჩი იყო.  მეოთხედფინალში ვავრინკა როჯერ ფედერერს ხვდება და ლეგენდარულ თანამემამულესთან დაპირისპირება ვავრინკას ‘მეორე ცხოვრების’ მთავარი ჰილაითი იქნება.

2017 წელს მან მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა. მერე იყო მძიმე პერიოდი, რომლის დროსაც ის რეიტინგში 263-ე ადგილამდეც კი დაქვეითდა. სწორედ მაშინ შეეპარა ეჭვი, შეძლებდა თუ არა ძველ დონეზე დაბრუნებას. საფრანგეთის ღია პირველობის 2015 წლის გამარჯვებული დიდი სლემის ტურნირებს პირველივე ეტაპებზე ეთიშებოდა.

2018 წლის მაისში ვავრინკამ პირველ წრეში არგენტინელ გილერმო გარსია-ლოპესთან ხუთ სეტში წააგო, 1200 ქულა დაკარგა და 30-ე ადგილიდან 263-ე პოზიციამდე დაქვეითდა. პირველი რაუნდი ვერც უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე გადალახა. წარმატებულ გზაზე სტენი ვერც მწვრთნელ მაგნუს ნორმანთან განშორებამ დააბრუნა - ეს უკანასკნელი ახლა ისევ მის გვერდითაა.

ვავრინკამ აშშ-ის ღია პირველობა 2016 წელს მოიგო

შვეიცარიელს იმედი ჰქონდა, რომ 2019 წელს კარგად დაიწყებდა, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე რაუნდში დამარცხდა. როლან გაროსისთვის მზადების პროცესიც არ იყო წარმატებული: თუკი მადრიდში მეოთხედფინალში, რაფაელ ნადალთან წააგო, რომსა და ჟენევაში პირველივე მატჩებში დამარცხდა - ისეთ მეტოქეებთან, როგორებიც დავიდ გოფენი და დამირ ჯუმჰური არიან. ჩვეულებრივ ფორმაში მყოფ ვავრინკას მათი დამარცხება არასდროს გაუჭირდებოდა!

შესაბამისად, ყველა ფიქრობდა, რომ სტენი ვერც 2019 წლის როლან გაროსზე წავიდოდა შორს, თუმცა ჯერ იოზეფ კოვალიკის, შემდეგ კი კრისტიან გარინისა და გრიგორ დიმიტროვის დამარცხებით სტენი თავდაჯერებული გახდა. ახლა კი, ციციპასთან დრამატულ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვავრინკა დიდ საჩოგბურთო სცენაზე დაბრუნდა.

“სწორედ ასეთი მომენტებისა და ასეთი ატმოსფეროს გამო არ დავნებდი,” - განაცხადა ვავრინკამ მატჩის შემდეგ. ფრანგულმა პუბლიკამ მას ისეთი ოვაციები უძღვნა, როლან გაროსზე ჩვეულებრივ მხოლოდ ფრანგ ჩოგბურთელებს, ან როჯერ ფედერერსა და რაფა ნადალს რომ ეკუთვნით ხოლმე. 

ახლა სტენის მიზანი თვით ფედერერის დამარცხებაა, რომელსაც მან 4 წლის წინ, ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მოუგო. როჯერმა კვირას ‘ძველი სტენი’ გაიხსენა: “მაშინ უბრალოდ დამანგრია. იმედია, ახლა არ არის ისეთი ფორმაში, როგორშიც 2015 წელს იყო!” - თქვა ფედერერმა და დაამატა, სტენისთვის ეს მეორე ცხოვრებააო.

თავად ვავრინკა ასე არ ფიქრობს: “34 წლის ვარ და ეს ჯერ კიდევ ჩემი პირველი ცხოვრებაა, რომლითაც ბედნიერი ვარ!”

ფაქტი ერთია: ასეთი ბედნიერი სტენ ვავრინკა დიდი ხანია, აღარ ყოფილა...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს როლან გაროსს?

  • რაფაელ ნადალი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • როჯერ ფედერერი
  • სხვა ჩოგბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები