Thumbnail

ხულიენ ლოპეტეგი ლა ლიგაში ბრუნდება - მწვრთნელის ახალი კლუბი ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი საქმეს უბრუნდება
  • 52 წლის სპეციალისტის დანიშვნა სევილიაში თითქმით გადაწყვეტილია

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი, რომელიც შარშან შემოდგომიდან მოყოლებული, უკლუბოდაა, ახლო მომავალში სევილიას ჩაიბარებს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, მხარეებმა უკვე შეათანხმეს თანამშრომლობის პირობები და ახლა მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ ოფიციალურად გამოცხადებაღა დარჩა. 

სავარაუდოდ, კლუბი 52 წლის სპეციალისტს ამ კვირაშივე წარადგენს და 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

იუწყებიან, რომ ლოპეტეგის კანდიდატურას მხარს სევილიის სპორტული დირექტორი მონჩი უჭერს, რომელიც კლუბს რომაში გატარებული ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. ანდალუსიური კლუბის ფუნქციონერის აზრით, ხულიენის ხედვები და იდეები სავსებით შეეფერება კლუბის ბოსების შეხედულებებს. 

სევილიის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლოპეტეგი ხოაკინ კაპაროსს შეცვლის, რომელმაც ზაფხულში კლუბის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება წინდაწინ მიიღო. სპეციალისტი, რომელიც აპრილში სისხლის კიბო დაუდგინეს, საკლუბო სტრუქტურაში დასაქმდება. 

ხულიენ ლოპეტეგის ბოლო კლუბი მადრიდის რეალი იყო, სადაც ოთხი თვე იმუშავა. სპეციალისტი თანამდებობიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. ლოპეტეგის უმუშავია "სამეფო კლუბის" დუბლებში, რაიო ვალეკანოსა და პორტუში, ასევე - ესპანეთის ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებში. 

სევილიამ სეზონი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები