Thumbnail
  • 19 წლის ნახევარმცველმა მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადაზე ისაუბრა
  • საქართველოს ნაკრების და გენტის ფეხბურთელი ამჟამად თბილისში იმყოფება 

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელმაც ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადებზე ისაუბრა. 19 წლის ფეხბურთელის თქმით, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, თამაშს შემოდგომით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში შეძლებს. 

"ჯერ ზუსტად არ ვიცი, მოედანს როდის დავბრუნდები, საამისოდ დრო დამჭირდება. სავარაუდოდ, თამაშს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში შევძლებ", - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს "პირველ არხთან", რომლის ცნობით, ფეხბურთელი თავს უკვე კარგად გრძნობს და რეაბილიტაციას აგრძელებს. წყაროს ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნული ლიგის მატჩს, ვიტ ჯორჯია-ტორპედოს დაესწრო. 

რომ არა მუხლის ტრავმა, გიორგის სეზონი გაცილებით შთამბეჭდავი გამოუვიდოდა

გენტის ქართველ ლეგიონერს 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარი, მუხლის პრობლემის გამო, პრაქტიკულად გაუცდა, საბოლოოდ კი ბელგიურმა კლუბმა მისთვის ოპერაციის გაკეთება მაინც გადაწყვიტა. მაისის დასაწყისში, ანტვერპენის კლინიკაში გაკეთებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური კლუბის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. ჟუპილერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში მან 5 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. 19 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები