Thumbnail

PREVIEW | გამოცდა ბეიბი ბლექსთან - U20 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს იწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიოს ჩემპიონატი (U20) არგენტინაში - 4-22 ივნისი
  • საქართველოს ნაკრები ტურნირზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 4-22 ივნისს არგენტინაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. C ჯგუფში 'უმცროსი ბორჯღალოსნების' მეტოქეები ახალი ზელანდია, შოტლანდია და სამხრეთ აფრიკა იქნებიან.

საქართველო 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ახალ ზელანდიასთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 4 ივნისს 20:00-საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს RUGBY TV შემოგთავაზებთ.

ილია მაისურაძის ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, სადაც საქართველოს ნაკრები საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ მორაგბეებმა შარშანდელ მსოფლიოზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც სარეკორდო პოზიციაა.

'უმცროსმა ბორჯღალოსნებმა' მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს ითამაშეს და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს. მათ იტალიას 18:17 სძლიეს. საქართველომ მომდევნო მსოფლიოზეც ერთი მატჩი მოიგო, ამჯერად არგენტინასთან - 26:25.

'ბორჯღალოსნებმა' 2018 წელს ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს: ირლანდიას - 24:20, იაპონიას - 24:22 და შოტლანდიას - 39:31.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზელანდიელებთან 

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ცნობილია: bit.ly/2Ig1S3W 🔥 🇬🇪 საქართველო v ახ. ზელანდია...

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 03 ივნისი, 2019

ახალი ზელანდია - ALL BLACKS

საქართველოს ნაკრებს 20-წლამდელთა მსოფლიოზე სადებიუტო მატჩი სწორედ ახალ ზელანდიასთან ჰქონდა. 2016 წელს ახალ,ა ზელანდიამ ''ბორჯღალოსნებს'' 9 ლელო დაუდო და 55:0 გაანადგურა. ოლ ბლექსი ტურნირის 6-გზის გამარჯვებულია. ბოლოს მათ ტიტული 2017 წელს საქართველოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგეს, როდესაც თბილისში ინგლისის ნაკრები დაამარცხეს.

ახალზელანდიელების მთავარი დამრტყმელი ძალა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან სწრაფი უკანა ხაზი იქნება. განსაკუთრებული ყურადღება სამ მორაგბეს უნდა მივაქციოთ: ეტენ ნანაი სეტურო, ლესტერ ფაინგაანუკუ და ვიცე-კაპიტანი ბილი პროქტორი - სამივე მორაგბეს ზურგს სუპერ რაგბიში მიღებული გამოცდილება უმაგრებს. არ უნდა დაგვავიწყდეს სკოტ გრეგორი, რომელიც ზელანდიის 7-კაცა ნაკრების წევრია.

'ოლ ბლექსმა' შარშან ცუდი სეზონი ჩაატარა, თუმცა წელს ჩემპიონობას აპირებს. ახალზელანდიელებმა ნახევარფინალი საფრანგეთთან დათმეს და მესამე ადგილისთვის მატჩი სამხრეთ აფრიკასთან წააგეს.

'უმცროსი ბორჯღალოსნები'. საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏉 20-წლამდელთა მსოფლიოზე ბორჯღალოსნებმა 15 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 5 მოიგეს და 10 წააგეს.

🏉 საქართველომ ისტორიული, პირველი გამარჯვება იტალიასთან მოიპოვა - 18:17.

🏉 ბორჯღალოსნებმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს დააფიქსირეს, როდესაც 12 ნაკრებში მე-9 ადგილზე გავიდნენ.

🏉 საქართველომ მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე 264 ქულა გაიტანა.

🏉 ბორჯღალოსნებმა 15 მატჩში 34 ლელო დადეს.

🏉 გელა აფრასიძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 98 ქულა აქვს დაგროვილი, რითიც საუკეთესო მექულეებში მე-7 ადგილზეა.

🏉 აფრასიძეს 18 ჯარიმა აქვს გატანილი, რითიც ჯარიმის საუკეთესო შემსრულებლებს შორის მე-5 ადგილზეა.

🏉 პირველი ქართული ლელო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვასილ ლობჟანიძემ დადო. მან ირლანდიასთან გამოიჩინა თავი.

🏉 ნაკრებს თედო აბჟანდაძე უკაპიტნებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები