Thumbnail

რეიესის დაღუპვის მიზეზი გაირკვა - მისი მანქანის სისწრაფე 237 კმ/სთ იყო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხოსე ანტონიო რეიესს მშობლიურ უტრერაში დაკრძალავენ
  • პოლიციამ ავარიის ოფიციალური მიზეზი გაასაჯაროვა
  • სანტიაგო კანისარესმა ტვიტერზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა

ეს იყო შოკისმომგვრელი ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს - ხოსე ანტონიო რეიესი (†35) შაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა!

პოლიციამ ავარიის მიზეზი გაარკვია. ოფიციალური ინფორმაციით, რეიესი თავისი Mercedes S550-ით ავტობან A-376-ზე 237 კმ/სთ სისწრაფით მიდიოდა, როდესაც საბურავი დაუზიანდა! შედეგად, ავტომობილმა მართვა დაკარგა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავარიის შედეგად რეიეისის 23 წლის ბიძაშვილიც დაიღუპა. პოლიციის განმარტებით, ის უკანა სავარძელზე იჯდა. მანქანაში ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის კიდევ ერთი ბიძაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გადარჩა და უმძიმესი დაზიანებები აქვს. ხოსე ანტონიო რეიესს დღეს, მშობლიურ უტრერაში დაკრძალავენ.

კვირას, რეიესი მისი ყოფილი კლუბის, სევილიას სტადიონზე იყო დასვენებული. შეგახსენებთ, რომ რეიესი სწორედ სევილიას აღზრდილია და ჯამში, მშობლიურ კლუბში 13 წელი ითამაშა.

კვირას, რეიესის პანაშვილი სევილიას სტადიონზე გაიმართა

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა ტვიტერზე საკმაოდ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა: “ასეთი სისწრაფე სასაყვედურო ქმედებაა! ავარიაში სხვაც დაიღუპა. რეიესი ამ შემთხვევაში გმირად მოხსენიებას არ იმსახურებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გული არ მტკივა იმაზე, რაც მოხდა და არ ვლოცულობ მისი სულისთვის,” - განაცხადა 49 წლის კანისარესმა.

კრიტიკულ პოსტში კანისარესი, რა თქმა უნდა, იმას გულისხმობს, რომ რეიესმა დასაშვებ სისწრაფეს ძალიან გადააჭარბა. ხსენებულ ავტობანზე დასაშვები სისწრაფე 120 კმ/სთ-ია, საბედისწერო ავარია კი თითქმის ორჯერ მეტი სისწრაფის დროს მოხდა. ამ პოსტის გამო კანისარესს ტვიტერზე ბევრი დაეთანხმა, სხვებმა კი გააკრიტიკეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

კანისარესი: “შესაძლოა, ჩემი აზრი არასწორად გამოვთქვი. რეიესი, რა თქმა უნდა, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს თავისი კარიერის გამო. ყველა მოსაზრებას ვკითხულობ და ყველას აზრს პატივს ვცემ - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომენტარი შეურაცხმყოფელია. მე უბრალოდ მსურს, რომ ყველანი დავფიქრდეთ, რამდენ შეცდომას ვუშვებთ ცხოვრებაში.”

რეალის პრეზიდენტი პერესი, რაული და რეალის დირექტორი ბუტრაგენიო სევილიაში, რეიესის პანაშვიდზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები