Thumbnail
  • ლივერპულს იურგენ კლოპისთვის კონტრაქტის ნაადრევად გაგრძელება სურს
  • მერსისაიდელთა გერმანელ მწვრთნელს სამშობლოში ეპატიჟებიან
  • ფრანც ბეკენბაუერის აზრით, კლოპმა ბაიერნი ან გერმანიის ნაკრები უნდა ჩაიბაროს

იურგენ კლოპი ლივერპულის გმირია - ინგლისში ყველა აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება პირველ რიგში სწორედ მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელის დამსახურებაა. იურგენის ხელში გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და თუკი შარშან ფინალში აუტსაიდერი იყო, წელს საკლუბო სეზონის მთავარ მატჩში უკვე ფავორიტად მიიჩნეოდა და ტრიუმფი აბსოლუტურად დაიმსახურა.

იურგენ კლოპი ლივერპულის ზეიმზე

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ლივერპულში კლოპის შენარჩუნება სურთ. მართალია, გერმანელი წასვლას ჯერ არ აპირებს, მაგრამ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს მისთვის კონტრაქტის ნაადრევად გახანგრძლივება სურთ. ‘გარდიანის’ ინფორმაციით, კლუბის მფლობელები 51 წლის კლოპს ახალ, ხანგრძლივ ხელშეკრულებას სთავაზობენ - მიუხედავად იმისა, რომ მის აქტუალურ კონტრაქტს ვადა 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ კლოპმა ლივერპული 2015 წელს ჩაიბარა. მან ბრენდან როჯერსი შეცვალა და ინგლისურ კლუბთან თავიდან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო წლის ზაფხულში მას ხელშეკრულება 2022 წლამდე გაუგრძელეს.

ბეკენბაუერი: იურგენი გერმანიაში უნდა დავაბრუნოთ!

გერმანული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიაჩნია. კაიზერ-ფრანცის აზრით, მიუნხენის ბაიერნმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ფიქრი მის დანიშვნაზე.

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს და, რაც შეიძლება მალე, იურგენ კლოპი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ვიხილო,” - განაცხადა 73 წლის ბეკენბაუერმა ‘ბილდთან’ ინტერვიუში. ბაიერნის საპატიო პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კლოპზე გერმანიის საფეხბურთო კავშირშიც უნდა იფიქრონ.

იურგენ კლოპი და ფრანც ბეკენბაუერი

“კლოპმა ლივერპულში განაგრძო ის, რაც დორტმუნდში დაიწყო. მისმა სწრაფმა ფეხბურთმა შეცვალა ბურთის გათამაშება. ჩემი აზრით, პრემიერლიგაში მუშაობა მას უფრო მეტ ძალას ართმევს - ინგლისში, მენეჯერის რანგში, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობები გაქვს, ვიდრე ბუნდესლიგაში,” - მიაჩნია ბეკენბაუერს.

იურგენ კლოპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის საოცნებო თანამდებობა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობაა.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები