Thumbnail
  • იტალიის სერია A-ს 22 ტური ორი მატჩით გაიხსნა.
  • იუვენტუსმა ვერონაში დაგეგმილი 3 ქულა მასპინძელთა დახმარებით მოიპოვა.
  • ჯიჯი ბუფონი დაბრუნდა, ოღონდ, ჯერ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე.

ბარსელონა, კროტონე, ნაპოლი, ოლიმპიაკოსი, ინტერი, ბოლონია, ჯენოა, რომა, ტორინო, კალიარი და ჯენოა. ეს არის სია იმ გუნდებისა, რომლებმაც ვერ შეძლეს იუვენტუსისთვის სერია A-ს, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებში გოლის გატანა. 2017 წლის 22 ნოემბრიდან მოყოლებული, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გოლი მხოლოდ ერთხელ გაუშვა - ვერონასგან, კონკრეტულად კი, თავისი ყოფილი მოთამაშისგან - მარტინ კასერესისგან, რომელსაც როგორც ჩანს, ტურინელთა ჯავრი აქვს. ეს 30 დეკემბერს, “მარკ-ანტონიო ბენტეგოდიზე” მოხდა…

ჯიჯი დაბრუნდა.

აი, კიევოს კი არც მარტინ კასერესი ჰყავს და არც იუვენტუსის სხვა ყოფილი ფეხბურთელი. სამაგიეროდ, ჰყავს სამუელ ბასტიენი და ფაბრიციო კაჩიატორე, რომლებმაც იმდენი ქნეს 22-ე ტურის მატჩში, რომ არბიტრს თავი გააძევებინეს და გუნდი მძიმე მდგომაროებაში ჩააგდეს.

ბელგიელმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში კვადვო ასამოა ამოიჩემა და ორწუთიან მონაკვეთში ზედიზედ ორი გაფრთხილება “აიკიდა”. კაჩიატორემ კი შესვენების შემდეგ, 61-ე წუთზე, არბიტრთან საქმეს გარჩევისა და პროვოკაციული ჟესტისთვის დაიმსახურა “წითელი”. ამ დროისთვის ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო…

9 კაცის ამარა დარჩენილ მასპინძლებს კი ჯერ სამი ხედირამ (67) გაუტანა ფედერიკო ბერნარდესკის პასით, შემდეგ კი - გონსალო იგუაინმა (88). არგენტინელ თავდამსხმელს, რომლის ანგარიშზე სერია ა-ს 21 მატჩში 10 გოლია, ასისტენტობა დუგლას კოშტამ გაუწია.

ამ მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი ჯიჯი ბუფონმა.

ტურინელთა ლეგენდარულ მეკარეს, რომელსაც კვირას 40 წელი უსრულდება, გასული წლის 1-ელი დეკემბრის შემდეგ ტრავმის გამო აღარ უთამაშია, გუნდს კი ახლახან დაუბრუნდა. 

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის სათავეში 56 ქულით მოექცა. ტურის მატჩს ბოლონიას წინააღმდეგ კვირას ჩაატარებს ნაპოლი, რომელსაც 54 ქულა აქვს.

დღესვე, ტურის სასტარტო მატჩში, ბერგამოს ატალანტამ სტუმრად სასუოლოს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ანდრეა მაზიელომ (30), ბრაიან კრისტანტემ (83) და რემო ფროილერმა (86) გამოიჩინეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები