Thumbnail

MARVEL-მა MOBA შექმნა და ის იდეალურად დაბალანსებულია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Marvel MOBA ჟანრში პირველ ნაბიჯებს დგამს
  • Super Wars კონკურენტებს ბალანსით სჯობნის
  • თამაშში ბევრ საყვარელ პერსონაჟს იხილავთ

გეიმერები, რომლებიც MOBA ჟანრში ერკვევიან, იცნობენ League of Legends-ის მსგავს თამაშს მობილურზე, რომელსაც Mobile Legends ჰქვია. მობილური 'არენა' ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Marvel-მა ამ ჟანრში პირველი ნაბიჯების გადადგმა.

Super War ჩინურ დეველოპერ NetEase Games-თან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და მოთამაშეებს საშუალებას აძლევს მობილურ ტელეფონზე მათი საყვარელი გმირები, ან ბოროტმოქმედები აირჩიონ და ხუთი-ხუთზე ორთაბრძოლაში ჩაერთონ. ამ ეტაპზე, Super War უფასოა და მისი დახურული ბეტა ვერსია ტაილანდში, ფილიპინებში, ინდოეთში, ინდონეზიასა და მალაიზიაშია ხელმისაწვდომი.

თამაშის რუკა ვაკანდას (შავი პანტერას სამშობლო) ტექნოლოგიურად განვითარებულ ჯუნგლებშია განთავსებული და ძალიან ჰგავს ყველა სხვა MOBA-ში არსებულ რუკებს. მიუხედავად ამისა, Marvel აცხადებს, რომ მათ თამაშის განვითარების ეტაპზე ძალიან ბევრი იზრუნეს ბალანსზე და შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ვიდეო თამაშში ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს გეიმერის უნარებს, ვიდრე MOBA ჟანრის სხვა მობილურ თამაშებში.

Super Wars-ის რუკა გეიმერებისთვის კარგად ნაცნობია

'სამწუხაროდ, MOBA ჟანრში გავრცელებულია არც თუ სამართლიანი რუნების სისტემა, რომელიც ჩვენ ღია 'ბაფების' მექანიკით ჩავანაცვლეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეპუტაცია და მიღწევები მხოლოდ მოთამაშის უნარებზე იქნება დამოკიდებული', - ვკითხულობთ Marvel-ის ოფიციალურ პრეს რელიზში.

თავად პერსონაჟების უნარები, Marvel-ის ორიგინალურ დიზაინთან მაქსიმალურადაა დაახლოებული. მაგალითად, დედფულს შეუძლია ახლო დისტანციიდან ბრძოლას შეეშვას და კომიქსების მსგავად ორი იარაღი ამოიღოს. შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ თამაშში ჩართულობაზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ავთენტურობის ეს ხარისხი აძლევს Super War-ს კონკურენტებთან უპირატესობას.

სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, თუ როდის იქნება Super War ყველასთვის ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, დამატებით ინფორმაციას დახურული ბეტას დასრულების შემდეგ შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები