Thumbnail

ზედმეტი, მაგრამ ძალიან ძვირფასი ნივთით - ლივერპული შინ დაბრუნდა

  • ლივერპულის ფეხბურთელები და მწვრთნელები ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
  • კლუბის ტვიტერზე თვითმფრინავის ტრაპზე გადაღებული გუნდური ფოტო გამოქვეყნდა

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ლივერპულის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები ესპანეთიდან შინ დაბრუნდნენ.

მერსისაიდელთა ოფიციალურმა ტვიტერმა აეროპორტში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. მასზე თვითმფრინავის ტრაპზე მყოფი ფეხბურთელები ჩანან, რომლებსაც ხელში ოქროს მედლები აქვთ, საჩემპიონო თასი კი გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს უჭირავს.

"შინ დავბრუნდით, ბარგში ერთით მეტი ნივთით", - აქვს მინაწერი ფოტოს.

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა, ლივერპულმა ტოტენჰემს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

მერსისაიდულმა კლუბმა ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა/ევროპის ჩემპიონთა თასი) მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით მის ისტორიაში მესამე გუნდი გახდა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე უფრო ხშირად მხოლოდ რეალსა (13) და მილანს (7) გაუმარჯვიათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები