Thumbnail

ხოჭოლავას მწვრთნელი რომაში მთავარი კანდიდატია - ფონსეკას სერია A-ში იწვევენ

  • რომას დონეცკის შახტარის მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას მიწვევა სურს 
  • იტალიური კლუბი 46 წლის პორტუგალიელს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს

დავით ხოჭოლავას გუნდის, დონეცკის შახტარის მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას მიწვევით რომა ინტერესდება. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 46 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს “ჯალოროსი” სამწლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით, სეზონში 2,5 მილიონ ევროს, ბონუსებით სთავაზობს. 

იუწყებიან, რომ პაულუ ფონსეკა რომას მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარი კანდიდატია. იტალიის დედაქალაქის კლუბს უარი ანტონიო კონტემ (უკვე დაინიშნა ინტერში), მაურიციო სარიმ (ჩელსი) და ჯანპიერო გასპერინიმ (ატალანტა) შეუთვალეს. დიდი ალბათობით, თავის სამუშაო ადგილზე დარჩება ბოლონიას მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩიც, რომლის კანდიდატურასაც ასევე განიხილავდნენ რომაელები. 

ხოჭოლავამ ფონსეკას გუნდში უკრაინის ჩემპიონატის 25 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა

პაულუ ფონსეკა დონეცკის შახტარს 2016 წლიდან წვრთნის. სპეციალისტმა დონეცკურ კლუბს სამ-სამჯერ უკრაინის ჩემპიონობა და უკრაინის თასი, ასევე 2017 წლის უკრაინის სუპერთასი მოაპოვებინა. მანამდე შახტარის პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ტოპ-კლუბისგან წინადადების მიღების შემთხვევაში, სპეციალისტს წავლაში ხელს არ შეუშლის. 

პაულუ ფონსეკასთვის შახტარი პირველი უცხოური კლუბია, რომელიც გაუწვრთნია. მანამდე ის მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში მუშაობდა, მათ შორის: პასუშ დე ფერეირაში, ბრაგასა და პორტუში. 

რომამ 2018/19 წლების სეზონი კლაუდიო რანიერისთან ერთად ჩაამთავრა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა სერია A-ში მეექვსე ადგილი დაიკავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები