Thumbnail

სკანდალი: ნეიმარს გაუპატიურებას აბრალებენ - გამოძიება დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სან პაულუს პოლიციას ქალმა მიმართა, რომლის თქმით, ფეხბურთელმა მასზე იძალადა
  • გაუპატიურების ბრალდებას ბრაზილიელი თავდამსხმელი და მამამისი გამოეხმაურნენ
  • მათი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობაა

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. Globo Esporte-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალბატონი, რომლის ვინაობა და ასაკი არ ცხადდება, ამტკიცებს, რომ 27 წლის ფეხბურთელმა მასზე პარიზში, 15 მაისს იძალადა და ამასთან დაკავშირებით განცხადება სან პაულუს პოლიციის განყოფილებაში შეიტანა. 

გოგონას თქმით, ნეიმარმა ის ინსტაგრამში მიმოწერის შემდეგ პარიზში მიიწვია. შეხვედრისას ფეხბურთელი ნასვამ მდგომაროებაში იყო, საუბრის შემდეგ კი მოფერება დაუწყო, ბოლოს კი გააუპატიურა. მსხვერპლი ამტკიცებს, რომ შეშინებული და დათრგუნული იყო და პარიზის პოლიციისთვის არ მიუმართავს და ეს მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.  

ფეხბურთელი ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკისთვის ემზადება

განცხადების საფუძველზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თავად ფეხბურთელი კი ბრალდებას 7-წუთიან ვიდეორგოლში გამოეხმაურა.
 
"ფულის გამოძალვის მიზნით, მაიძულებენ, ჩემი და ჩემი ოჯახის პირადი ცხოვრება გამოვააშკარაო", - გაუკეთა მინაწერი ნეიმარმა ვიდეორგოლს.

კომენტარი თავდამსხმელის მამამ, ნეიმარ და სილვა სანტუშმაც გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ ფეხბურთელსა და გოგონას შორის კონტაქტი ორმხრივი სურვილით შედგა და ამის ფაქტები არსებობს, გაუპატიურებაში დადანაშაულება კი ბოროტმოქმედთა მხრიდან შანტაჟის მცდელობა.
 
"ეს ადამიანები მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. გაუპატიურების ბრალდება სიცრუეა, ნეიმარს ასეთი დანაშაული არ ჩაუდენია. უბრალოდ, მას აშანტაჟებენ. ჩვენ ყველა საჭირო საბუთი გვაქვს". 

ბოლო დროს ნეიმარს პრობლემები არც მოედნის გარეთ ელევა. ბრაზილიელ ვარსკვლავს ახლახან ეროვნული გუნდის კაპიტნობა ჩამოართვეს, იქამდე კი საფრანგეთის თასის ფინალის დროს დაპირისპირება რენის გულშემატკივართან მოუვიდა.

ბრაზილიის ნაკრები სულ მალე ამხანაგურ მატჩებს ყატარსა და ჰონდურასთან ჩაატარებს, რის შემდეგაც კოპა ამერიკის გათამაშებაში ჩაებმება. ტურნირს წელს ბრაზილია 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. ტიტეს ნაკრები A ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად ბოლივია, ვენესუელა და პერუ ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები