Thumbnail
  • აია 22:9 აკადემია.
  • აიამ ლიდერობა დაიბრუნა.
  • არმია 21:36 ლელო.
  • ლელომ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

პარასკევს დიდი 10-ის მე-11 ტური ლოკომოტივისა და ხარების მატჩით განახლდა. შაბათს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. აიამ ქუთაისში აკადემიას უმასპინძლა და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. ავჭალაში არმიამ ლელოსთან დათმო შეხვედრა.

ქუთაისში გამართულ მატჩში, მასპინძლები პირველ ტაიმში მარცხდებოდნენ. მე-13 წუთისთვის აკადემია 9:0-ს იგებდა. დავით მოძღვრიშვილმა სამი ჯარიმის გატანა მოახერხა. ტაიმის მიწურულს გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. აკადემიამ პირველი ტაიმი 9:3 მოიგო.

მეორე ნახევარში ქუთაისური კლუბი გააქტიურდა. მასპინძლებმა ბურთი აკადემიის ჩათვლის მოედანში სამჯერ დაამიწეს. 58-ე წუთზე ზურაბ ძნელაძემ დადო ლელო, გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საბა ერემეიშვილმა 69-ე და მე-80 წუთებზე კიდევ ორჯერ დაალელოვა აკადემია. ამ ორ ლელოს ბაბუნაშვილის ერთი გარდასახვაც მიემატა და აიამ აკადემიას 22:9 მოუგო. ქუთაისურმა კლუბმა ბონუს ქულა ჩაიწერა აქტივში და ცხრილში ისევ გალიდერდა. აიას 43 ქულა აქვს, გუნდი პირველ ადგილზეა და ლოკომოტივს ერთი ქულით უსწრებს.

ფოტო : FB/DIDI10
აიამ მიმდინარე სეზონში აკადემიას ორჯერ მოუგო. პირველ წრეში - 23:18. მეორე წრეში - 22:9.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე არმიამ ლელოსთან წააგო. დიდი პრობლემების მიუხედავად, გამოჩნდა სახსრები, რომლითაც არმია სეზონის ჩამთავრებას მოახერხებს. კლუბი დიდ 10-ში დასარჩენად იბრძვის და ყველა მატჩს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პირველი ტაიმის ლელოს სრული უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ლელოს მორაგბეებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს. აკა ტაბუცაძემ ლელოთი თავი ორჯერ გამოიჩინა, თითო ლელო - მერაბ კვირიკაშვილის, ალექსანდრე თოდუასა და ბექა საღინაძის ანგარიშზეა. ირაკლი ყიასაშვილმა 4-ჯერ მოახერხა გარდასახვის გატანა და ერთხელ ჯარიმაც გაიტანა. ტაიმის ბოლოს, არმიას მხრიდან, მიხეილ მასხარაშვილმა ლელო დადო, რომელიც შალვა მახარაშვილმა გარდასახა და ლელომ პირველი ტაიმი 36:7 მოიგო.

ლელომ პირველ ტაიმში არმიას ხუთი ლელო დაუდო.

მეორე ტაიმში არმია გააქტიურდა, მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და შეხვედრაც 21:36 დათმო. მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ჯერ ნიკოლოზ ცირეკიძემ დაამიწა, ხოლო მესამე ლელო სტუმრებს გოდერძი ჭინჭარაულმა დაუდო. ლელომ ამ მოგებით 40-ქულა დააგროვა და მესამე ადგილს იკავებს, არმია - 9-ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ლელომ არმიას მიმდინარე სეზონში ორივე მატჩი მოუგო. პირველი წრეში - 39:15. მეორე წრეში - 36:21.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ბაგრატი ბათუმს შეხვდება, არმაზი ჯიქს დაუპირისპირდება

კომენტარები

ბოლო ამბები