Thumbnail

როლან გაროსი | პირველი ჩოგანი გავარდა! ექვსეულიდან მხოლოდ ჰალეპი დარჩა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საფრანგეთის ღია პირველობას კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა
  • ნაომი ოსაკა მესამე წრეში, ჩეხ სინიაკოვასთან დამარცხდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ქალთა შორის, ნაომი ოსაკამ როლან გაროსზე პირველი ორი მატჩი იმდენად რთულად მოიგო, რომ ყველა ხდებოდა, საფრანგეთის მიმდინარე ღია პირველობაზე წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა. მოლოდინი გამართლდა: იაპონელი ტურნირს მესამე წრეში გამოეთიშა!

ამერიკის 2018 წლის ღია პირველობისა და 2019 წლის Australian Open-ის გამარჯვებული 1/16 ფინალში ჩეხ კატერინა სინიაკოვასთან დამარცხდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილზეა. მან ოსაკას ორ სეტში, 6:4, 6:2 მოუგო.

სინიაკოვამ ოსაკა ორ სეტში დაამარცხა

ნაომი ოსაკას გავარდნის შემდეგ, როლან გაროსზე ქალთა შორის საუკეთესო ექვსეულიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე, რუმინელი სიმონა ჰალეპი დარჩა, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებულია.

მიუხედავად ასეთი წარუმატებლობისა, WTA-ს რეიტინგში ოსაკა მაინც პირველ ადგილზე რჩება. შეგახსენებთ, რომ მან პირველ წრეში სლოვაკ ანა კაროლინა შმიედლოვას 6:0, 6:7, 6:1 მოუგო, ხოლო 1/32 ფინალში კი, ბელარუსი ვიკტორია აზარენკა ასევე სამ სეტში, 6:4, 5:7, 6:3 დაამარცხა.

რაც შეეხება სიმონა ჰალეპს - მსოფლიოს მესამე ჩოგანმა უკრაინელ ლესია ცურენკოს (27) ორ სეტში, 6:2, 6:1 მოუგო და მერვედფინალში 18 წლის პოლონელ იგა სვიატეკს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 104-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები